„დაწყებული პროცესი გაჩერდება" - ირაკლი კობახიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

პუბლიკა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იგი ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ექიმებს შეხვდა.

მისი თქმით, უახლოეს თვეების განმავლობაში მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა რეორგანიზაციას.

„ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც თავის დროზე, თუ არ ვცდები, 2007 წელს.

თავის დროზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშენებლობა. შემდეგ ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო, პროცესების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები, დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნას საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს.

შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაჩერდება დაწყებული პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ექიმების და პერსონალის მიერ განცხადებების დაწერას, რეორგანიზაციას. ჩვენ მოვამზადებთ უახლოესი თვეების განმავლობაში წინადადებებს და ამის შემდეგ განისაზღვრება ის, თუ როგორ გაგრძელდება პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.