აქციაზე შსს-ს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება | ინსპექტორი

პუბლიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, უწყების საგამოძიებო დეპარტამენტმა, შესული შეტყობინებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, 2021 წლის 19 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები“, – აცხადებს უწყება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, უწყება ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.