დაწყებულია გამოძიება „ლელოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრის ცემაზე - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრის ცემაზე გამოძიება ჯგუფურად ძალადობის მუხლით დაიწყო. ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა.

„დაწყებულია გამოძიება 126-ე  1​​1  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – გვითხრეს შსს-ში.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.


ინფორმაცია თავდაპირველად „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ლევან სამუშიამ გაავრცელა. ის ამბობდა, რომ „ლელოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრს სცემეს.

„ადამიანი, ჩვენი მხარდამჭერი ნაცემია იმისთვის, რატომ ხარ „ლელოში“ და რატომ უდგახარ ლევან სამუშიას გვერდითო. ამისთვის, როგორც თვითონ მითხრა, გამოვიდა, რომ წიხლი ჩააზილეს. აგერ არის ახლა პატრულის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.. როგორც მეუბნებიან, დაზარალებულები არიან თვითონ მოწმეები, თვითმხილველები. უსწრაფესად გამოიძიეთ, ყველა პასუხისგებაში მიეცით. ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები, არ მოგასვენებთ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ „ტვ პირველის“ ეთერში.