დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით - სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების მუხლით დაიწყო.

უწყების განცხადების თანახმად, საქმე ეხება სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებს.

„უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს“, – აცხადებს სუსი.

უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით.

უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს და არც იმ დროს ასახელებს, თუ როდის დაიწყო გამოძიება. „პუბლიკას“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საქმე გრიფით საიდუმლოა და მეტ ინფორმაციას საქმის შესახებ ვერ მოგვაწვდიან.