დაწყებულია მუშაობა ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად - ჩხენკელი

პუბლიკა

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ ისაუბრა.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, დაწყებულია მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ადრონული თერაპიის ცენტრის დასაარსებლად.

„ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, რომელთა დამზადება ამჟამად  მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში IBA მიმდინარეობს. ეს პროექტიც  ფონდ „ქართუს“ მიერ არის დაფინანსებული. ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის. ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, სადაც ხდება სიმსივნით დაზიანებული უჯრედების მკურნალობის პროცესი. იგი იძლევა შესაძლებლობას, ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი. მეორე ციკლოტრონი სამეცნიერო-კვლევით პროცესს მოხმარდება. მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.“ – განაცხადა ჩხენკელმა.

მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი.