გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დავით ხიდაშელის კომპანიამ „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ რაჭის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მიღებული ლიცენზიით გათვალისწინებული არც ერთი პირობა არ შეასრულა. რის გამოც, 13 ნოემბრიდან უწყებაში დაწყებულია „ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით.“
უწყებაში აცხადებენ, რომ განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიანტისგან.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის 23 მარტს, კომპანიაზე „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” გაიცა ლიცენზია რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.
ლიცენზიის მფლობელს სავალდებულოდ შესასრულებლად განესაზღვრა სალიცენზიო პირობები: არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება; ზურმუხტის ქსელის შეფასება; სისტემატური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, თანამშრომლობა შესაბამის მუნიციპალიტეტთან, რათა საქმიანობის პროცესში გათვალისწინებულ იყოს ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესები; სამონადირეო მეურნეობის ზონირება; საინფორმაციო დაფების და გამაფრთხილებელი მანიშნებლების მოწყობა ყველა ძირითად შესასვლელში და ტურისტულ მარშრუტებზე; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, სამონადირეო მეურნეობაში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება (დასაქმებული პერსონალის 80%).
დღეის მდგომარეობით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არ არის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა“,- ნათქვამია განცხადებაში.
„დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის”, – ამის შესახებ კომპანიის განცხადება „პუბლიკას” მან თავად მიაწოდა.
„მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დავით ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. გოლეთიანი ამბობს, რომ მოძრაობისა და მათი მხარდამჭერების მიერ დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება და მხარდამჭერებს გაერთიანებისა და მობილიზებისკენ მოუწოდა.
გოლეთიანი ამბობს, რომ ხიდაშელის დღევანდელი განცხადება „ყველასთვის მიმანიშნებელი უნდა იყოს, რომ კი არ მოდუნდნენ, პირიქტით – გააქტიურდნენ.“
რაჭაში მიმინარე პროტესტი,დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის გაუქმების მოთხოვნით თბილისში გადაინაცვლებს.
გოლეთიანი ამბობს, რომ შაბათს 12 საათზე დაიძრებიან ამბროლაურიდან, მცხეთასთან შეიკრიბებიან მხარდამჭერებთან ერთად და ერთობლივი მსვლელობით დაიძრებიან სამინისტროსთან, სადაც საპროტესტო კარავს გაშლიან.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.
მათი თქმით, 3 ნოემბერს სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დღემდე ელოდნენ პასუხის შეკითხვაზე: გაუქმდებოდა თუ არა აღნიშნული ლიცენზია.
მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. მათივე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან (კომპანიის მხრიდან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარმოუდგენლობა ან/და დაცული ტერიტორიის შექმნა) არცერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.