„დაზარალებულებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ" - შემოსავლების სამსახური

პუბლიკა

„სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ”, – ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები”, – წერია განცხადებაში.

„ვაგზლის ბაზრობის“ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი დაიწვა. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით დილის 06:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი კი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.