შსს-ს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს.
აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდნენ, ბრალდებულები: 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ., რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.