შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში სხვადასხვა სახის დახმარებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა.
უწყების ინფორმაციით, გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებსა და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. მათივე ინფორმაციით, ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა 26 ავტომობილი და დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელსადენები.
„დიდთოვლობამ წყნეთში ავტობუსის გაჩერების, მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია. შედეგად დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა, თუმცა ის კონტაქტურ მდგომარეობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უწყების თქმით, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დამატებითი ცვლის გამოყვანის აუცილებლობა არ დამდგარა. როგორც ისინი ამბობენ, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მოქალაქეების დახმარებას.