დაზიანების აღმოფხვრას, სავარაუდოდ, 1 კვირა დასჭირდება - მერიაში GWP-სთან შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

თბილისის მერიაში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ დაზიანების აღმოფხვრას, დაახლოებით, ერთი კვირა დასჭირდება.

„დედაქალაქის მერთან ერთად გვქონდა კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა. ბოლო ორი დღის განმავლობაში, თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესებია, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. ბუნებრივია, თავიდანვე, ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა კომპანიის მხრიდან, საჭირო ჯგუფები ადგილზე არიან და 24-სათიან რეჟიმში აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 63 000 აბონენტია, ვისაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეზერვუარების საშუალებით წყლის მიწოდება. ეს 63 000 აბონენტი, მაქსიმუმ ერთი კვირის მანძილზე გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს. დაახლოებით, ეს ვადა დასჭირდება დაზიანების აღმოფხვრას“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

GWP-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, 63 000 აბონენტთან დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი. გარდა ამისა, უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.