დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

2014-2020 წლებში – დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; მუშაობდა უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით.