დე ფაქტო მთავრობის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია იწყება

პუბლიკა

ოკუპირებულ სოხუმში ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მოქალაქეებმა სახელმწიფო დრამატული თეატრის მოედანზე, სამთავრობო კომპლექსთან ახლოს შეკრება უკვე დაიწყეს.

„სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორები ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის კუთხით ერთი მხრივ რუსეთისთვის მიწის გადაცემაში ადანაშაულებენ, მეორე მხრივ კი თბილისთან ვაჭრობის გაღრმავებაში. საგარეო პოლიტიკის გარდა, ოპოზიცია და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი დე ფაქტო მთავრობას არაერთი გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს. „სახალხო მიტინგის“ ორგანიზატორები ბჟანიას მთავრობის დათხოვნისკენ მოუწოდებენ.

აქციისთვის მზადება დაიწყო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც. დე ფაქტო მთავრობის შენობა ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რკინის ჯებირებითა და მავთულხლართებით შემოღობეს, ხოლო მცირე ზომის ხიდი დაშალეს. დამცავი კონსტრუქციებით შემოღობეს ოკუპირებულ აფხაზეთში სხვა ადმინისტრაციული ობიექტებიც. მთავრობის შენობასთან კი 29 მაისს სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

ჯავშანტექნიკის გამოჩენას ადგილობრივ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში დამატებით პროტესტი მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობას თავდაცვის ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მათი კანონმდებლობით ეკრძალებათ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი თქვა, რომ ძალოვანი უწყებები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას, რათა „თავიდან აიცილონ შესაძლო თავდასხმები და პროვოკაციები“.

დე ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა 29 მაისს სპეციალური განცხადებებიც გაავრცელეს და მოქალაქეებს მოუწოდეს დაიცვან კანონი და წესრიგი.

მანამდე ადგილორივი მედია წერდა, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს 8 მოქალაქე. ოპოზიცია დაკავებებს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებდა, რომ ღონისძიება სამართალდარღვევისა და დანაშაულის პრევენციისკენ იყო მიმართული.