დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესიტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა

პუბლიკა

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იქნება წარმოდგენილი. ფილმი ოფიციალურ სელექციაში დასახელდა.

როგორც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წერს, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“ აჩვენეს სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული“.

წელს ფესტივალზე მოსახვედრად კონკურსში 2000-ზე მეტი ფილმი იღებდა მონაწილეობას, ოფიციალურ სელექციაში კი 56 მათგანი შეირჩა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, კანის საერთაშრისო კინოფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდება და საკონკურსო სექციები არ იქნება.

ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები სავარაუდოდ რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის, ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის და ვენეციის კინოფესტივალებზე გადანაწილდებიან. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა.

როგორც კინოცენტრი წერს, ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი:

  • რეჟისორი: დეა კულუმბეგაშვილი
  • პროდიუსერი: რატი ონელი
  • სცენარის ავტორები: დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი
  • როლებში: ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი, რატი ონელი
  • მუსიკა: ნიკოლას ჯაარი
  • მონტაჟი: მეთიუ ტაპონიე
  • მხატვარი: გურამ ნავროზაშვილი
  • კოსტიუმების მხატვარი: ქეთი კალანდაძე