დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე თავდაპირველად მოხსენება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა გააკეთა.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მზარდი პოლარიზაციის გამო. სიტუაცია რისკს უქმნის საქართველოს დემოკრატიას. მე ვიმეორებ ჩვენს მყარ შეხედულებას, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ ყველაფერი გააკეთოს, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა სიტყვით გამოსვლისას.
ბორელის შემდეგ თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს ევროპარლამენტარებმა. პირველი მათგანი დევიდ მაკალისტერი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გააჟღერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შედგენილი 6-პუნქტიანი ჩარჩო საკითხები და მათი შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა“, – თქვა მაკალისტერმა, რომლის თქმითაც, ის ამ კრიზისის გადასაწყვეტად მიშელის ვიზიტისას დაფიქსირებული საკითხის მოგვარებას მიიჩნევს საჭიროდ.
„პოლიტიკურმა ლიდერებმა მოკლე ხანში უნდა მოახერხონ ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და შეთანხმდნენ პრობლემების გრძელვადიანი პერსპექტივით გადალახვაზე. რაც გულისხმობს: ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც ასევე მოიცავს პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულების პრობლემას.
პარლამენტში ძალაუფლებას განაწილებას, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, პოტენციურ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და მზადებას ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისთვის“, – განაცხადა მაკალისტერმა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო კვირაში საქართველოში პოლიტიკურ დიალოგს წინსვლა ექნება.
მხარდაჭერა გამოუცხადა შარლ მიშელს და მის ინიციატივას პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე „სოციალ-დემოკრატების“ წევრმა სვენ მიქსერმა, ხოლო პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და ცივი გონებით გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი.
„მოვუწოდებ ჩემს ყველა კოლეგას, მოახდინონ გავლენა ჩვენს ქართველ მეგობრებზე პოლიტიკური სპექტრიდან და დაარწმუნონ, რომ ჩაერთონ დემოკრატიულ საპარლამენტო პროცესში“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ კი გასული წლის შეთანხმება გაიხსენა და გიორგი რურუასა და ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ ისაუბრა.
„ვერ ავუვლი გვერდს სიმბოლიზმს, 8 მარტის შეთანხმება ზუსტად ერთი წლის დიდ ხნიანი დაძაბულობის შემდეგ გაფორმდა. ახლა აქ ვართ, 9 მარტს, დაპირებების ერთი წლის შემდეგ და უარეს სიტუაციაში, რაც ძალიან მაწუხებს.
გასულ წელს საქართველომ მოახერხა კრიზისიდან გამოსვლა, გაატარა საარჩევნო რეფორმა და ჩვენ იქ ვიყავით, ჩვენ დავეხმარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ დახმარება ისევ შეგვიძლია. საქართველოს ისევ შეუძლია რეფორმების გზაზე დადგომა, შეუძლია საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფომრების გატარება.
მოდით, ვისაუბროთ პოლიტპატიმრებზე, როგორიცაა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებაც დაპირებული იყო შეთანხმებით ან ბატონი მელია. მივცეთ ხალხს უფლება, გადაწყვიტონ, ვის აირჩევენ წარმომდგენლად გამჭვირვალე სისტემაში. მაგრამ ამისთვის ჩვენ იქ ყოფნა გვჭირდება. ჩვენ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ“, – განაცხადა მარკეტა გრიგოროვამ.
კრიტიკული შეფასება ჰქონდა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოდან 2019 წლის შემდეგ „ძალიან ბევრი ცუდი ამბავი ესმის“.
„მე საქართველოს წლების განმავლობაში ვუჭერდი მხარს და ახლაც ვუჭერ, მაგრამ დროა, რომ გამოვხატო ჩემი რაც შეიძლება ღრმა შეშფოთება. ძალიან ბევრი ცუდი ამბავი მოდის თბლისიდან 2019 წლის შემდეგ. ერთადერთი გამონაკლისის გარდა – 8 მარტის შეთანხმების. სიტუაციის გაუარესებამ კულმინაციას არჩევნების შემდეგ მიაღწია, მაშინ როცა ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეიჭრნენ და დააკავეს მისი ლიდერი.
ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტ მიშელის მედიაცია შედეგს გამოიღებს. მხარს ვუჭერ მის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ჩვენ ყველამ უნდა გავიღოთ ძალისხმევა დიალოგისთვის, რომელიც ალბათ ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მივა“, – თქვა ანა ფოტიგამ.
უფრო ოპტიმისტური შეფასება ჰქონდა მარინა კალიურანდს. მისი თქმით, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ „ნანატრ პოლიტიკურ განახლებას ხედავს“ და მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს.
„დასაკარგი დრო არ არის. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, წინ დააყენონ ხალხის ინტერესები და კონცენტრირდნენ სამომავლო ამოცანებზე, მათ შორის პროევროპულ რეფორმებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე“, – განაცხადა კალიურანდმა.
ხოლო ნიკოლაი შტეფანუტამ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მისწრაფებას, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე აპირებს განაცხადის გაკეთებას. ევროპარლამენტარის თქმით, მისმა ქვეყნამ გასული წლების განმავლობაში გამოსცადა, როგორი რთულია ევროკავშირის ქვეყნად გადაქცევა. ამიტომ საქართველომ, თუ მას სურს გახდეს ევროკავშირის ნაწილი, ბევრი რამ უნდა შეცვალოს.
„ქართველებს აღარ შეუძლიათ თავიანთი თავის პოზიციონირება რელურ დემოკრატიასა და დემოკრატიის იმიტაციას შორის. ძალადობრივი თავდასხმები და ძალის გადამეტება, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა მიუღებელია.
მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო იპოვის ბალანსს პოლიტიკურ პლურალიზმში და შემცირდება პოლარიზაცია. თუ საქართველოს სურს ევროაატლანტიკური ინტეგრაცია, არ შეიძლება ის კორუფციაში ჩაიფლოს.
დღესდღეობით დემოკრატია მსოფლიოს ყველა წერტილში გადის გამოცდას. ეს არის თამაში გამარჯვებამდე ან დამარცხებამდე. საქართველოს კი სჭირდება რომ ამ თამაშში იყოს გამარჯვებული“, – თქვა ნიკოლაი შტეფანუტამ.
„საქართველო, აღმოსავლეთის პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. ეს აურზაური ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლების ბრალია“, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ვიოლა ფონ კრამონმა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის ინტერესებზე წინ თავიანთი თავები დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაციას ამჯობინებენ.
„გამოსავლის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს. მათ უნდა გადაწყვიტონ ბედი და თარიღი მომავალი არჩევნებისა. ეს არჩევნები იქნება მხოლოდ სასწრაფო და არა გრძელვადიანი გამოსავალი. აბსოლუტურად ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე, ჩვენ პოლიტიკური კრიზისის კვლავ დაბრუნებას ვიხილავთ. მართლმსაჯულების რეფორმა და ოპოზიციისთვის გაზრდილი საპარლამენტო ზედამხედველობა პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა იყოს.
ორივე მავნე ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმაც და ივანიშვილმაც უნდა შეწყვიტონ პროცესებში დამატებით ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში. ჩვენ ვერ გამოვტოვებთ კიდევ ერთ კრიზისს ამ რეგიონში. ეს უწყება, ისევე როგორც თავად მე, მზად ვართ, რომ გზას გავუძღვეთ“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა კი წუხილი გამოთქვა, რომ გასულ წელს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოში, მისი თქმით, სიტუაცია გაუარესდა.
„არ ვაპირებ ურთიერთბრალდებების პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას. უბრალოდ მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ ნამდვილი ევროპელებივით მოქცევა, რომლებსაც ევროპული საზოგადოების წევრობა სურთ.
გამოვიყენებ შესაძლებლობას და შევაქებ შარლ მიშელის მიერ გაკეთებულ საქმეს.ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ქართველი მეგობრებს ესმით, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი ჩართულობა მათი კრიზისის გადასაწყვეტად. მოვუწოდებ ჩვენს ქართველ მეგობრებს, არ ჩააგდონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა კუბილიუსმა.