დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობასა და რეკრეაციული სივრცეების, სკვერებისა და პარკების აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც შარშან დაიწყო, ფაქტობრივად, დასრულებულია და თბილისის განვითარების ფონდმა დაიწყო მეორე ეტაპი – დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია-განახლება.
„ჩვენ მოვახდინეთ ამ ორი ბაღის ერთმანეთთან ძალიან ლამაზი გვირაბით დაკავშირება და ადამიანებს არ მოუწევთ ზემოთ გზაზე გადასვლა, გზის გადაჭრა, პირდაპირ იქნება შესაძლებელი ამ ორი ბაღის გვირაბით დაკავშირება“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო არეალში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურისა და გზის დაზიანებული ნაწილის საფარის დემონტაჟი, წყალარინების მოწყობა, მწვანე საფარის მოცულობის გაზრდა. კალაძე განმარტავს, რომ ორივე ბაღში ბევრი ქვის ფილა და ბეტონი იყო, რისი დემონტაჟიც შესაძლებელს გახდის მწვანე სივრცის გაზრდას.
„ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სავაჭრო სივრცეების მოწყობა. აქ წლების განმავლობაში იყიდებოდა ნახატები. ჩვენ ამ ადამიანებს ხელს არ შევუშლით. პირიქით, ძალიან კომფორტულ და საინტერესო გარემოს მოვაწყობთ, სადაც იქნება ცივილიზებული და ნორმალური პირობები. როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ჩამოსულ სტუმარს, ყველას ესიამოვნება იქ მისვლა“, – ამბობს კალაძე.
კალაძის განცხადებით, მოხდება არსებული სკეიტპარკის დემონტაჟი, რომელიც, მისი თქმით, უმძიმეს მდგომარეობაშია. მოძველებულის ნაცვლად კი მოეწყობა „ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სკეიტპარკი“.
პარკში დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათებები. თბილისის მერის განცხადებით, პროექტი შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
„პირობას გაძლევთ, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა თაობის ადამიანი იამაყებს იმ პროექტებით, რომელსაც მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ“, – განაცხადა კალაძემ.