მერია სრულ მზადყოფნაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით რეკომენდაციებს - კალაძე

პუბლიკა

ქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მერიამ ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა და კლუბებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სრული ინფორმაცია აქვთ.

„ვიცით, როგორ დააზიანა პანდემიამ და ვაპირებთ გარკვეული პაკეტის შეთავაზებას ზოგადად ამ მიმართულებისთვის.“ – უპასუხა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების შესახებ შეკითხვას კი უპასუხა, რომ მერია ელოდება დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილებაზე აკრძალვა კვლავ ძალაშია.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით“. – განაცხადა კახა კალაძემ.