დედობისა და მშობლის შვებულების პრობლემური პრაქტიკა საქართველოში | კვლევა

პუბლიკა

საქართველოში დედობისა და მშობლის შვებულების ანაზღაურების არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა პრობლემურია, – ნათქვამია „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით მომზადებულ კვლევაში, რომელიც ამ მხრივ არსებულ გამოწვევებსა და შვებულების უფლების მიღმა დარჩენილ დასაქმებულთათვის პრობლემურ საკითხებს ეხება.

კვლევა ეფუძნება არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, ადგილობრივი კანონმდებლობისა და პრაქტიკის, არამედ საჯარო მოსამსახურე და კერძო სექტორში დასაქმებული ქალების გამოცდილებების შესწავლასაც.

რა წერია კანონმდებლობაში და რატომაა ის პრობლემური

როგორც კვლევაშია აღნიშნული, დედობის და მშობლის შვებულების ანაზღაურების წესი განსხვავებულია საჯარო მოხელეს, საჯარო სკოლის მასწავლებლისა და კერძო სექტორში დასაქმებული ქალების შემთხვევაში. რაზეც, კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ დისკრიმინაციული მიდგომაა და ქალების სოციალურ დაცვაზე თანასწორი მისაწვდომობის ნაცვლად, აღრმავებს უთანასწორობას ქალებს შორის.

შვებულება კერძო სექტორში – საქართველოში კერძო სექტორში დედობის და მშობლის შვებულების ანაზღაურება მაქსიმუმ 2000 ლარს შეადგენს 6 თვის მანძილზე, რაც თვეში 333 ლარია. კანონით დადგენილი ეს ოდენობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2000 ლარით განისაზღვრა. 2022 წლის ჩათვლით მისი მაქსიმუმი 6 თვეზე 1000 ლარს შეადგენდა.

რა ხდება საჯარო სექტორში  –  საჯარო მოსამსახურე ქალებს და საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ 6-თვიანი სრულად ანაზღაურებადი შვებულებით (დედობის და მშობლობის). რაც კვლევის ავტორთა შეფასებით, კარგი პრაქტიკაა. თუმცა, ის ქალების მხოლოდ მცირე ჯგუფისთვისაა განკუთვნილი, რაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ვინ ვერ სარგებლობს დედობის და მშობლის შვებულებით

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, საქართველოში კაცები ვერ სარგებლობენ მამობის შვებულებით, რადგან ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული შვებულება მამებისთვის კანონით აღიარებული არ არის. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მამობის შვებულება მინიმუმ 2 კვირას (10 დღეს) გრძელდება და ანაზღაურებადია.

„საქართველოში მშობლის შვებულების 2 თვიანი პერიოდია (57 დღე) ანაზღაურებადი, რაც ანაზღაურებადი 6 თვიანი პერიოდის ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ მამებსაც შეუძლიათ მისით სარგებლობა, როგორც წესი მისით დედები სარგებლობენ. ამ ანაზღაურებადი პერიოდის დედის მიერ გამოყენების შემთხვევაში, მისით ვეღარ ისარგებლებს მამა.

ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, მშობლის შვებულების ანაზღაურება მინიმუმ 4 თვე უნდა გრძელდებოდეს და მისი ნახევარი (2 თვე) მხოლოდ მამისთვის/პარტნიორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, რაც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბავშვზე ზრუნვის შრომის განაწილებას და ქალების სამუშაო ბაზარზე დაბრუნებას“, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ დედობის და მშობლის შვებულების მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულებზე გავრცელება პრობლემურია.

დროებითი და სეზონური შრომითი კონტრაქტებით დასაქმებულ ქალებს, თუ შვებულების გამოყენების მომენტში არ აქვთ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ან შვებულებით სარგებლობისას უმთავრდებათ ის, ვერ იღებენ ან უწყდებათ შვებულებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება.

„ქვეყანაში არ მოქმედებს იმგვარი უნივერსალური სქემა, რაც ქალებს მათი დასაქმების სტატუსის (ან სტატუსის დროებითი დაკარგვის) მიუხედავად მინიმალურ დახმარებას შეუნარჩუნებდა. კანონმდებლობა ასევე ცხადად არ განსაზღვრავს როგორ მიიღებენ ქალები დედობის და მშობლის შვებულებას (შრომითი კონტრაქტით) არასტანდარტული დასაქმების სხვა შემთხვევებში”.

კვლევის მიხედვით, დედობის და მშობლის შვებულებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო დახმარებაზე ხელი არ მიუწვდებათ იმ მშრომელებს, რომლებსაც კერძო/მომსახურების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული (მაგალითად: კურიერები, მძღოლები, დამხმარე ქალები).

„დღეს მოქმედი კანონმდებლობა ასეთ მშრომლებს დასაქმებულებად არ მიიჩნევს და მათზე არ ვრცელდება შვებულების უფლება, მიუხედავად იმისა რომ ისინი ფაქტობრივად „დასაქმებულები“ არიან, ლეგალურად საქმიანობენ და კანონით დადგენილი წესით იხდიან სახელმწიფო გადასახადებს თუ სოციალურ შენატანებს.

საერთაშორისო გამოცდილებით ასეთი მშრომელები ექცევიან შრომის კანონმდებლობის ქვეშ ან ჰიბრიდულ სტატუსს იღებენ, უთანაბრდებიან დასაქმებულებს და მათზე ანალოგიურად ვრცელდება დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება“, –  აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, დედობის და მშობლის შვებულებით ასევე ვერ სარგებლობენ ის თვითდასაქმებული მშრომელები, რომლებიც დამოუკიდებელ საქმიანობას ეწევიან (მაგ: „ფრილანსერები“, ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე სამეწარმეო სუბიექტები, სამედიცინო, სილამაზის და სხვა ინდუსტრიებში ჩართული თვითდასაქმებულები).

საქართველოში ასევე არ მოქმედებს უნივერსალური ბაზისური სახელმწიფო დახმარების სისტემა, რაც დედობის შვებულებას ხელმისაწვდომს გახდიდა ყველა ქალისთვის, მათი დასაქმების სტატუსის და ფორმალურ თუ არაფორმალურ სექტორში შრომის მიუხედავად. ასეთი სისტემის არარსებობა ეწინააღმდეგება დედობის შვებულების უნივერსალურობის პრინციპს, რომელიც მას ყველა ქალზე ავრცელებს“, – წერენ კვლევის ავტორები. 

კვლევის ფარგლებში 17 ინტერვიუ ჩატარდა ქალებთან, რომელთაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ეყოლათ შვილი და ისარგებლეს (ან ვერ ისარგებლეს) დედობის და მშობლის შვებულებით. გამოიკვეთა, რომ ქალების დედობის გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სექტორს მიეკუთვნებიან ისინი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შემდეგი სირთულეები:

  • ბავშვის კვებასთან დაკავშირებული ხარჯი;
  • სათანადო ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობა;
  • ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ფსიქო-თერაპიის სერვისებზე ხელმისაწვდომობა;
  • ინფორმაციაზე წვდომა განსაკუთრებით დედობის გამოცდილების არმქონე დედებისთვის, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რაც ქალებში კიდევ უფრო ზრდის ემოციურ მოწყვლადობას და ქალებში შფოთის, გაურკვევლობის და შიშის გრძნობას წარმოშობს;
  • ზრუნვის მხარდამჭერი სერვისების არასაკმარისობა;
  • ძუძუთი კვების პრობლემა.
რეკომენდაციები

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია საქართველომ რატიფიცირება გაუკეთოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) დედობის დაცვის კონვენციას და დედობის, მამობის და მშობლის შვებულების მოქმედი სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ILO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან.

1. დედობის, მამობის და მშობლის შვებულების სისტემის რეფორმა უნდა პასუხობდეს ქალებისთვის და ბავშვებისთვის ცხოვრების ადეკვატური სტანდარის შენარჩუნების მიზანს და ეფუძნებოდეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის, უთანასწორობის შემცირების და უნივერსალურობის პრინციპებს.

2. გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია შეიქმნას სოციალური დაზღვევის კონტრიბუციებზე დაფუძნებული სისტემა (ან შერეული მოდელი), რაც დაეფუძნება შენატანების სქემას და სოციალური უსაფრთხოების სხვა გარანტიებთან ერთად მოიცავს დედობის, მამობის და მშობლის შვებულების ანაზღაურების კომპონენტს.

3. დედობის შვებულების (იგულისხმება დაახ. 4 თვე) ანაზღაურება კერძო სექტორში გაუთანაბრდეს საჯარო მოსამსახურე ქალების შვებულების ანაზღაურებას, რაც ხელფასის სრულ ოდენობას უნდა შეადგენდესს (ალტერნატივა: მინიმუმ ორ მესამედს). დედობის შვებულების 6-კვირა განისაზღვროს სავალდებულო შვებულების სახით (ILO-ს სტანდარტი).

4. მშობლის შვებულება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში უნდა ითვალისწინებდეს 2 თვიან ანაზღაურებად შვებულებას ქალისთვის და ანალოგიურად 2 თვიან არაგადაცემად ანაზღაურებად შვებულებას კაცისთვის, რაც ხელფასის სრულ ოდენობას გაუტოლდება

5. განისაზღვროს „დამოკიდებული თვითდასაქმების“ და „დამოუკიდებელი თვითდასაქმების“ იდენტიფიცირების კრიტერიუმი და დადგინდეს ამგვარი სამართლებრივი კატეგორიები.

6. შეიქმნას დედობის და მშობლის შვებულების ანაზღაურების უნივერსალური ბაზისური სისტემა, რაც გავრცელდება ყველა იმ ქალზე, რომლებიც ვერ ხვდებიან შვებულების არსებულ მოდელში.

7. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს დედობის გამოცდილებასთან დაკავშირებული სხვა სირთულეები, ქალებისთვის აუცილებელი მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით, რაც უკავშირდება: ბავშვის კვებასთან, ჯანდაცვასთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, ზრუნვის და მხარდაჭერის დამატებითი სერვისების საჭიროებასთან, სამუშაო ადგილებზე ქალის მხარდამჭერი მექანიზმების დანერგვასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებს.

კვლევის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე.