„პარტნიორების მოწოდებას, რომ მოხდეს დაძაბულობის შემცირება და ვითარების დეესკალაცია, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა პოლიციასთან ქუჩაში ძალადობით და პროვოკაციებით უპასუხეს”, – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, კანონის და სამართლებრივი წესრიგის ხელყოფა მიმართულია ვითარების დარეგულირების წინააღმდეგ და არა დეესკალაციისკენ, რაც ადასტურებს იმ არგუმენტებს, რაზეც ხელისუფლება მიუთითებდა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესის დაბალანსება და დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარე პატივს სცემს კანონს, ინსტიტუტებს და სამართლიანობის პრინციპებს.
„აქვე უნდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველთვის ამ პრინციპების დაცვით მონაწილეობდა პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში. ჩვენ გადავდგით ძალიან კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები არა მხოლოდ ახლანდელი პოლიტიკური დიალოგის, არამედ 8 მარტის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებშიც და ის ფუნდამენტური რეფორმები, რაზეც ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და დავდეთ პირობა, „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლიანად შეასრულა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტებს სურდათ, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვები და ბანერი წარწერით – „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“, პარლამენტის შენობის წინ გადაეტანათ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევდა.
შსს-ს ბოლო ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს.