დეგნანი: საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემაზე განცხადებები სავსეა უზუსტობებით და არასწორია

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით.

„ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის სავარაუდო გადაცემასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და არასწორია.

მთელ მსოფლიოში მოვუწოდებთ პარტნიორებს და მოკავშირეებს, შეძლებისდაგვარად გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და მისი, როგორც ერის თავისუფლებისთვის. თავიდანვე გარკვევით განვაცხადეთ, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს დასახმარებლად.

ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში.

აშშ-ის არ სურს, საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ამ ომში ჩართვა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად, რომ შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა. სწორედ ამისთვის მუშაობს აშშ, მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 28 სექტემბერს „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა.

„ჩემთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავს „ლენდლიზებიდან“ დაწყებული, სხვადასხვა მექანიზმით საქართველოსთვის ზეთანამედროვე შეიარაღების მიწოდებას.

უფრო მეტიც, ამერიკულ წრეებში განიხილებოდა ქართველი მფრინავების გადამზადება უკრაინელებთან ერთად. ამ ყველაფერზე უარი თქვა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა. არ ვიცი, დაადასტურებს თუ არა ამას ამერიკული მხარე, ალბათ გაუჭირდება, მაგრამ დრო მოვა, ამას ღიად დაადასტურებს. ზუსტად ვიცი, რომ ეს შეთავაზება იქნა გაკეთებული და ამაზე უარი თქვა პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“. ამხელა შესაძლებლობაზე უარის თქმა, წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიკეტებოდა რუსული საფრთხე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.