„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრებს უკანონოდ უთვალთვალებენ. მან დღეს ბრიფინგზე იმ ავტომობილის ფოტოც წარმოადგინა, რომელიც, დეკანოიძის მტკიცებით, მის 21 წლის შვილს უთვალთვალებდა.
„კონკრეტული ფაქტი, როდესაც 17 სექტემბერს კოსტავას გამზირზე და ყაზბეგზე ჩემს შვილს სურათებს უღებდნენ და უთვალთვალებდნენ შავი მანქანიდან, რომლის ნომერიც გვაქვს და მისმა მეგობრებმა და ჩემმა შვილმა მოასწრეს ამ მანქანის დაფიქსირება.
რამდენიმე დღიანი კვლევის შედეგად ჩვენ ამოვაგდეთ, რომ ეს მანაქანა ეკუთვნის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, პეტრიაშვილს, რომელიც მუშაობს გლდანის #1 განყოფილებაში.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა ჩემი მეგობრების, მათ შორის შსს-დან ჩვენი კეთილისმსურველების არაერთი გაფრთხილება, რომ მიმდინარეობდა მუდმივი ფარული თვალთვალი ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე და მიმდინარეობდა ამ ადამიანების მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მე-3 პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის უკანონო თვალთვალი ისჯება სისხლის სამართლით.
ამ ბინძური მეთოდების გამოყენებას ახდენს ხელისუფლება, რომელმაც მართლმსაჯულება და უსაფრთხოების სამსახური გადააქცია პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ფაქტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.