„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მის მიმართ განხორციელებული ფარული თვალთვალის და მიყურადების საკითხზე პროკურატურას სარჩელით მიმართა.
დღეს, 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ იმერეთში, „წინ ევროპისკენ“ კამპანიის შეხვედრების დროს შეამჩნია, რომ ხორციელდებოდა თვალთვალი მის მიმართ.
დეკანოიძემ საქმის კურსში ჩააყენა საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ამჯერად კი პროკურატურასა და სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა.
დეკანოიძე ამბობს, რომ უკანონო მიყურადება და თვალთვალი რეპრესიული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი.
„ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს, უნდა იყოს გამოძიების საგანი. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის საგამოძიებო სამსახურები დაინტერესდებიან, მაგრამ ეს საქმე იქნება ის საქმე, რომელიც მათ შორის ევროპულ სასამართლოში იქნება წაღებული იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის წარმომადგენლები არ ჩაერთვებიან აღნიშნულ გამოძიებაში“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის ინტერესებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დაიცავს.