დეკანოიძე: პირი, რომელსაც ადევნების გამო ორდერი აქვს გამოწერილი, პარლამენტის შენობაში დამხვდა

პუბლიკა

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მისი ადევნების გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში დახვდა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა.

„ქვეყნიდან წასულა, მერე ჩამოვიდა ისევ. შიგნით, პარლამენტის შენობაში უშვებენ რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. რა ვთქვა არ ვიცი. ამ ქვეყანაში…

რამე რომ შემასხას, თავში რომ ჩამარტყას, ან ვინმეს რაღაცა დაუშავოს… ვიცით ვინ არის საერთოდ?! დღეს დამხვდა პარლამენტის შენობაში, შიგნით. იქვე პოლიციას გამოვუძახე. პოლიციამ გავარკვევთო და დაიწეს შესწავლა. მე შეხვედრაზე ვარ, მაგრამ იმედია, მეტყვიან რა უქნეს ამ კაცს. წესით უნდა დააკავონ, არ ვიცი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„პუბლიკა“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.