დეკანოიძე: ქალებს გვაწუხებს ის, რომ გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მაშინ, როცა საქართველოში სიღარიბისა და ფემიციდის პრობლემა მწვავედ დგას, ხელისუფლება ებრძვის გამოგონილ პრობლემას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არ აწუხებთ. ამის შესახებ მან დღეს პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„დღეს მინდა საუბარი გავაგრძელო ძალიან მძიმე პრობლემაზე, რომელზეც ჩემმა ქალმა კოლეგებმაც ისაუბრეს და კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც პროპაგანდაზე, მე არ მახსენდება უმრავლესობის არცერთი და ასევე, გულისტკივილით უნდა ვთქვა, ძალიან იშვიათად მახსენდება ოპოზიციიდან გამოსული კაცი, რომელიც ისაუბრებდა ქალების მკვლელობაზე და რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ ქალები აღარ მოკლან.

რამდენიმე დღის წინ მოკლეს ახალგაზრდა ქალი, აჩეხეს, დაკუწეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და სახელმწიფოს არ გაუკეთებია არცერთი მინიშნებაც კი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას, არ მახსენდება მე არცერთი ადამიანი უმრავლესობის მხრიდან, რომელიც გამოსულა და ვთქვათ, კონკრეტული გეგმა წარმოუდგენია, როგორ უნდა ვებრძოლოთ ბავშვთა სიღარიბეს, იმას, რომ ბავშვები სკოლებში იმდენად ცუდად ხდებიან შიმშილისგან, რომ განათლების მიღებაზეც საუბარი ზედმეტია.

ან, როგორ უნდა ვებრძოლოთ იმას, რომ ხანში შესული, მოხუცებული ადამიანები ქუჩაში დგანან და გარე ვაჭრობით ირჩენენ თავს. არც ამაზე კონკრეტული სტრატეგია არ ყოფილა გაცხადებული. სამაგიეროდ, რაღაც გამოგონილ პრობლემებს ებრძვიან, რომელიც დამერწმუნეთ, არავის აწუხებს საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეს აწუხებს შიმშილი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის უკიდურესად სიღარიბეში გადავარდნილი. საქართველოს მოქალაქეს აწუხებს და ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ქალებს კლავენ და ამაზე არცერთი კონკრეტული პოლიტიკური დოკუმენტი, ნორმალური, არ შექმნილა ამ ხნის განმავლობაში და პრინციპში, არცერთი ხელისუფლების პირობებში”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის.

29 თებერვალს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

მდინარაძემ მომდევნო დღეს თავის ჰომოფობიურ გამოსვლაში „მავნე თემის პროპაგანდა“ ახსენა და აღნიშნა, რომ „ძირითადად, ჩვენ აქცენტი გვაქვს ლგბტ პროპაგანადის მავნე შედეგებზე“.

მან „პროპაგანდის“ გავრცელების გზად დაასახელა ფილმები და სერიალები, რომელთა პერსონაჟები ლგბტ ადამიანები არიან.

„ამბობენ იმას, რომ ბუნებრივი მოვლენაა, ადამიანი ლგბტ თემის წარმომადგენელი იყოს – ეს არის პირდაპირი პროპაგანდა“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რუსული კანონის“ ავტორი გურამ მაჭარაშვილი ასე განმარტავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.

მდინარაძემ კვლავ „გელაპის“ კვლევით მანიპულაციას მიმართა და „პროპაგანდას“ დაუკავშირა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თავს ლგბტქ თემის წევრად აიდენტიფიცირებს. კვლევაში მსგავსი ურთიერთკავშირი ნახსენებიც კი არ არის.

გარდა ამისა, სამთავრობო პროპაგანდისტული მედია, ბოლო დღეების განმავლობაში მანიპულირებდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ორგანიზაციული მემორანდუმის შინაარსითაც, რომელშიც ენტონი ბლინკენი თანამშრომლებს მოუწოდებს, „როცა შესაძლებელია, გენდერულად ნეიტრალური ენა გამოიყენონ“. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს საქართველოსა და ქართულ ენასთან, რომელსაც სქესი არ გააჩნია, კავშირი არ აქვს.

„რუსული კანონი 2“

რუსეთში ჯერ კიდევ 2013 წელს მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას“ მცირეწლოვნებში.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსული კანონი შეუთავსებელი იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. კერძოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონები არღვევდა მომჩივანთა სიტყვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ „ხელისუფლება აძლიერებს სტიგმას და ცრურწმენებს, ხელს უწყობს ჰომოფობიას, რომელიც შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ 2013 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ.„ჰომოსექსუალობის პროპაგანდის“ აკრძალვა „შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“ რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთ მიზეზად კომისიამ დაასახელა ის, რომ ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის ვარიაციაა და არ შეიძლება ჩაითვალოს ზნეობის საწინააღმდეგოდ საჯარო ხელისუფლების მიერ.

2022 წლის 27 ოქტომბერს სახელმწიფო დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალ კანონპროექტს „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისა და სქესის შეცვლის პროპაგანდაზე“, რომელიც კრძალავს პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელებას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების შესახებ, არაჰეტერონორმატიული ორიენტაციის საჯაროდ გამოხატვა კი ისჯება ჯარიმით.