„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დეკანოიძემ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და მოუწოდა ეპიდემიოლოგებს, წარმოადგინონ კონკრეტული ხედვა და პროგნოზი, რა განვითარება ექნება ვირუსს საქართველოში.
მან განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესამსუბუქებლად გადასადგმელია რამდენიმე ნაბიჯი:
„ჰოსპიტალურ სექტორში უმძიმესი ვითარების გამო, მათ შორის იმის გამო, რომ სოფლებსა და პატარა ქალაქებში არ აქვთ საშუალება, ვაქცინაციაში ჩაერთონ, აუცილებელია სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გადამზადება. საჭიროა, ყველა სოფელში მივიდეს მობილური ჯგუფები, ჰოსპიტალურ სექტორში ექიმებს დაეხმარონ ადამიანები, რომელთაც აქვთ ცოდნა და აუცილებელია, ეს პრივილეგია რეზიდენტურის გამოცდებზე და დღეებზე სტუდენტებს ჩაეთვალოთ;
ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის, რომლისთვისაც არაფერი გაკეთებულა მთელი ამ თვეების განმავლობაში, აუცილებელია გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადი 3 თვით;
აუცილებელია, სრულად ვაქცინირებულთათვის განახევრდეს წლის ბოლომდე ტრანსპორტის ფასი;
აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, სრულად აცრილებს, დამატებით მიეცეთ ერთი თვის სოციალური დახმარება;
სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მივცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია, რაც ასევე არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ პროცესში;
სრულად ვაქცინირებულ თვითდასაქმებულებს აუცილებლად უნდა გაუნახევრდეთ წლიური საშემოსავლო გადასახადი.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შემოიტანონ ვაქცინა ბუსტერ დოზებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.