რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის სხდომაზე და მოგვიანებით ბიუროზე განმარტა, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვთ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ, მაგრამ საარჩევნო ბლოკის სიით დეპუტატებზე, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს, ეს არ ვრცელდება.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბლოკში „ძალა ერთობაშია“ სიითაა წარმოდგენილი და ფრაქციაც აქვს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი ხელმძღვანელობის არჩევის შემდეგ ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ პარტია და ფრაქცია დატოვეს და პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანების სურვილი გასულ კვირას გამოთქვეს.
მათი პოლიტიკური ჯგუფისთვის სახელი „ევროოპტიმისტები“ იყო შერჩეული.
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპროცედური კომიტეტის განმარტება კანონსაწინააღმდეგოა.
„ჩვენი ბლოკიდან გასულ დეპუტატებს აქვთ პოლიტიკური ჯგუფი შექმნილი და ეს არის კიდევ ერთი რეალური მაგალითი, რომ არ სურთ ოპოზიციის გაძლიერება პარლამენტში…ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, მათ შორის, იმ ჩანაწერის ცვლილებების ინიციატივასაც მოვახდენთ, რომელსაც ეჭიდებიან, რაც რეალურად არაფერს ნიშნავს. ის რეპრესიული მექანიზმები, რაც ჩადებულია ოპოზიციის მიმართ, ამოქმედდა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
„დღესვე ჩვენ ვაინიცირებთ ახალ ცვლილებებს რეგლამენტში და იქვე, სადაც წერია, რომ ერთი სიიდან გასულებს შეუძლიათ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც ერთი სიიდან ვართ, იქვე დავამატებთ ფრჩხილებში, რომ შეუძლიათ ასევე ერთი ბლოკიდან გასულებსაც შექმნან პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.