დეკანოიძის ინფორმაციით, გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებიან

პუბლიკა

პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, რომელმაც მედიას განუცხადა, რომ რამდენიმე წუთით მოინახულა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ხატია დეკანოიძის თქმით, გლდანის ციხეში მას შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – დავით სერგეენკო და დიმიტრი ხუნდაძე, დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, მინისტრი რატი ბრეგაძე, ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე და ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები.

ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკოლოზ ყიფშიძე თავის შეხედულებებს აცნობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

რაც შეეხება სააკაშვილის მდგომარეობას, დეკანოიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტი არის ცუდად.

„მითხრა, რომ დილიდან იმდენად ცუდად ვიყავიო, ექიმი შემოვიდა და გამაღვიძა იმიტომ, რომ ვიყავი ცუდადო. მთელი დღე იყო ცუდად“, – აცხადებს დეკანოიძე.

მან მიმართა ხელისუფლებას, რომ არის ძალიან ცოტა დრო მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ, სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადასაყვანად.

„კონტაქტურია, მაგრამ არ შეუძლია საუბარი, სუსტად არის. აქვს ტკივილები. მითხრა, რომ პირველად ცხოვრებაში დაკარა გონება. რეანიმატოლოგმა თქვა, რომ გონების დაკარგვა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს.

როგორც ბატონმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, მეც ვუთხარი [სერგეენკოს და ხუნდაძეს] ჩემი პოზიცია, რომ ამ ადამიანის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება ამ დაწესებულებაში. […] არასდროს მე მიშა ასეთ მდგომარეობაში არ მინახავს“, – განაცხადა დეკანოიძემ.