„დელეგაცია წაილეკა არასათანადო მოპყრობაზე ბრალდებებით“ — რა წერია წამების კომიტეტის ანგარიშში

პუბლიკა

დღეს, 18 თებერვალს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მას საფუძლად უდევს 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში კომიტეტის ვიზიტები საქართველოში.

ანგარიშში საუბარია 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყყებული საპროტესტო აქციების შემდეგ დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ასევე, შეფასებულია წინასწარი დაკავების იზოლატორებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული მდგომარეობა.

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტი წერს, რომ დელეგაცია „წაილეკა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებით“ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართული აქციების დროს დააკავეს.

კერძოდ, ანგარიშში წერია:

ადამიანები, რომლებიც ცალ-ცალკე გამოიკითხნენ და, შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ ჩვენებების კოორდინირებას, მიუთითებდნენ იმაზე, რაც წარმოადგენდა პოლიციის ქცევის აშკარა ნიმუშს/პატერნს დემონსტრაციების დროს: დემონსტრანტებს აკავებდნენ ნიღბიანი და ქუდიანი ოფიცრები (სავარაუდოდ, ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს წარმოადგენდა), რომლებსაც არ გააჩნდათ არანაირი საიდენტიფიკაციო ნიშანი (ზოგიერთს ეცვა ტანსაცმელი წარწერით „პოლიცია“, სხვებს კი არანაირი მსგავსი მარკირება არ ჰქონდათ).

დემონსტანტებს აკავებდნენ რამდენიმე (10-მდე ან მეტი) ოფიცრისგან შემდგარი ჯგუფებით, ურტყამდნენ მათ მუშტებსა და ფეხებს მთელ სხეულზე (მათ შორის სახესა და თავის არეში), აგინებდნენ მათ და ემუქრებოდნენ (მათ შორის გაუპატიურებით), მაშინ როდესაც აღნიშნული პირები, გავრცელებული ინფორმაციით, არ უწევდნენ წინააღმდეგობას და იყვნენ სრულად კონტროლის ქვეშ (ზოგჯერ მიწაზე იწვნენ).

მოქალაქეებს სცემდნენ განგრძობითად, ერთდროულად რამდენიმე ოფიცერი, (ზოგჯერ რიგრიგობით), მათ შორის მაშინაც, როდესაც დაკავებულებს ხელები ზურგს უკან ბორკილებით ჰქონდათ შეკრული.

როგორც ამბობენ, თითქმის ყველა შემთხვევაში არასათანადო მოპყრობა წყდებოდა მას შემდეგ, რაც ნიღბიანი და კაპიუშონიანი პოლიციელები დაკავებულ პირებს გადასცემდნენ საპატრულო (ან კრიმინალური) პოლიციის იმ ოფიცრებს, რომლებსაც ნიღბები არ ეკეთათ.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებები – როგორც დელეგაციის მიერ უშუალოდ დაფიქსირებული და დოკუმენტირებული, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე ექიმების მიერ შესვლისას აღრიცხული, სრულად შეესაბამებოდა შესაბამისი დაკავებული პირების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს.

CPT აცხადებს, რომ იმეორებს რეკომენდაციას, რომელიც არაერთხელ აქვს გაცემული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირთა დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ ისეთი ძალა, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციულია;

არასდროს არსებობს იმ ადამიანების მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის, მათ შორის ხელების და ფეხების დარტყმის, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის რამენაირი გამართლება, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან და მოქცეულები არიან პოლიციის ოფიცრების კონტროლის ქვეშ.

გარდა ამისა, კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ უმაღლესი პრიორიტეტი მიენიჭოს პოლიციის ოფიცრებისთვის (განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში დასაქმებულთათვის) სათანადო მომზადებას მასების მართვის ტექნიკაში, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის უსაფრთხო გამოყენებაში.

ანგარიშში წერია, რომ დამცველმა არაერთხელ საჯაროდ დაგმო პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მასობრივი გამოყენება დემონსტრაციების დაშლის კონტექსტში, ასევე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გადაჭარბებული და არაპროფესიონალური გამოყენება.

მან მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განახორციელოს ეფექტური გამოძიება ყველა მიღებულ ბრალდებაზე. კომიტეტი მხოლოდ და მხოლოდ უერთდება ამ მოწოდებებს.

CPT ასევე გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ზომები მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზის აღმოსაფხვრელად – კერძოდ, უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემონსტრაციების დროს მობილიზებულ ყველა ნიღბიან და/ან კაპიუშონიან სამართალდამცავ ოფიცერს თავის ჩაფხუტზე ან უნიფორმაზე, წინა მხარეს, ჰქონდეს თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშანი (მაგ. პირადი ნომერი).

ანგარიშის მომზადების ხანგრძლივი დროის განმავლობაში არცერთ პოლიციელს არ წარდგენია ბრალი რაიმე ფორმის გადაცდომასთან დაკავშირებით (მათ შორის ძალის გადაჭარბებულ გამოყენებასა თუ ფიზიკურ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით). კომიტეტი გასცემს რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები […] გარდა ამისა, CPT მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან, სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ.

გარდა ამისა, ევროპის საბჭოს წამების  წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტი საუბრობს ერთ საქმეზე, რომელიც 2024 წლის 22 ნოემბერს მოხდა და არ არის დაკავშირებული აქციებთან, თუმცა, სახეზეა არაადამიანური მოპყრობა: 

დიმიტრი ხ.-ს საქმე

საქმეში, რომელიც ეხებოდა პოლიციის დაკითხვის დროს არასათანადო მოპყრობას, დელეგაციამ უშუალოდ აღრიცხა სამედიცინო მტკიცებულებები, რომლებიც შეესაბამებოდა ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც დაკავებულ მოქალაქეს გააწნეს სილა, ურტყეს მუშტები და მუხლი იმ მიზნით, რომ მისთვის ეიძულებინათ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.

დაკავებულს, არსებული ინფორმაციით, ასევე ემუქრებოდნენ ხელკეტით გაუპატიურებით.

დაკავებულმა პირმა, ბატონმა დიმიტრი ხ.-მ, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას, იმავე დღეს, განაცხადა წეროვანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ (რომელსაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა 2024 წლის 22 ნოემბერს), რის შემდეგაც იზოლატორის ექიმის მიერ ანგარიში გაიგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ვიზიტის დასასრულს CPT-იმ მოითხოვა ინფორმაცია ამ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების შესახებ.

2025 წლის 22 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ CPT-ს მიაწოდა ინფორმაცია ბატონი ხ.-ს საჩივრის საფუძველზე განხორციელებული სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, მათ შორის მომჩივნის, შესაბამისი პოლიციელებისა და მოწმეების გამოკითხვის, დიმიტრი ხ.-ს სხეულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების, არსებული ვიდეომეთვალყურეობის (CCTV) კადრების შემოწმებისა და იმ ნარკოლოგიური ცენტრის ექიმების გამოკითხვის შესახებ, სადაც დიმიტრი ხ. წეროვანის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ გადაიყვანეს.

თუმცა, ზემოხსენებულ წერილში მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს დასკვნებს და არც დეტალებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

CPT კვლავ მოითხოვს, მიეწოდოს ინფორმაცია ზემოაღნიშნული გამოძიების შედეგების შესახებ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წამების პრევენციის კომიტეტი შეშფოთებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებითა და მისი ფუნქციების პროკურატურისთვის გადაცემით.

CPT-ის განცხადებით, მათ სურთ, შეახსენოს ხელისუფლებას, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა წარმოადგენდა კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო აქტორების (მათ შორის ევროკავშირის) მრავალწლიან რეკომენდაციას. ამის მიზეზი იყო პროკურატურის მიერ მსგავს ბრალდებებზე ჩატარებული გამოძიებების ეფექტურობის ნაკლებობის აღქმა.

ანგარშში წერია, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, ნაცვლად მისი გაძლიერებისა, როგორც ჩანს, ზუსტად საპირისპირო მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია იმისა, რასაც CPT დიდი ხანია მხარს უჭერს.

კომიტეტს სურს მიიღოს საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების მიზეზების (ლოგიკის) შესახებ, იმის დეტალური ახსნით, თუ როგორ გაზრდის, მათი ხედვით, მსგავსი ნაბიჯი სამართალდამცავი (და ციხის) თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე გამოძიების ეფექტურობას.

ანგარიშში აღნიშნუნლია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია, რომ ნებისმიერი დისციპლინური წარმოება პოლიციელების მიმართ (დაკავებული პირების მიმართ სავარაუდო გადაცდომის კონტექსტში), რომელსაც სამინისტროს გენერალური ინსპექცია (შიდა ინსპექტირების ორგანო) ახორციელებს, ავტომატურად შეჩერდებოდა, როგორც კი შესაბამისი ოფიცრის მიმართ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყებოდა; ასეთი დისციპლინური წარმოების განახლება მხოლოდ სისხლის სამართლის პროცედურის დასრულების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი.

გარდა ამისა, არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლეოდა ავტომატურად შეჩერებულიყო სამსახურებრივი უფლებამოსილება (ან თუნდაც მხოლოდ გადაყვანა ისეთ პოზიციაზე, სადაც არ ექნებოდა პირდაპირი კონტაქტი საზოგადოებასთან) იმ პოლიციელისთვის, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური წარმოება თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ სავარაუდო გადაცდომასთან დაკავშირებით.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეეძლო მსგავსი შეჩერების წინადადებით მიემართა პროკურატურისთვის (რომელსაც, თავის მხრივ, შეეძლო შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსთვის ამის ნებართვის მისაღებად), ხოლო გენერალურ ინსპექციას ასევე შეეძლო მსგავსი შეჩერების წინადადება წარედგინა მინისტრისთვის, მაგრამ რეალობაში ეს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დასრულების შემდეგ ხდებოდა.

CPT-ის მოსაზრებით, არსებული მექანიზმი ხარვეზიანია, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ პრევენციას და რეაგირებას პოლიციელების მხრიდან დაკავებული პირების მიმართ შესაძლო გადაცდომებზე. პოლიციელის უფლებამოსილების შეჩერება (ან სულ მცირე, მისი ჩამოშორება იმ სამუშაოსგან, რომელიც გულისხმობს პირდაპირ კონტაქტს საზოგადოებასთან) უნდა განიხილებოდეს, როგორც პრევენციული ღონისძიება. თუმცა, ეს არ უნდა იყოს აუცილებლად ავტომატური და სერიოზულად უნდა იქნას განხილული თითოეული შემთხვევის გარემოებების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცვალოს შესაბამისი საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც არეგულირებს პოლიციელთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას სისხლისსამართლებრივი გამოძიების დროს, დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაში მათი შესაძლო მონაწილეობის კონტექსტში.