„დელეგაციის წინაშე განვმარტეთ ჩვენი პოზიცია რეზოლუციაზე და დეოლიგარქიზაციის ჩანაწერზე“ - კობახიძე EU-ს დელეგაციას შეხვდა

პუბლიკა

ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაციას „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შედგა დისკუსია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოს კანდიდატის სტატუსზე.

კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ევროკომისიის რეკომენდაციების გარკვეულ ჩანაწერებზე. მისი თქმით, საუბრის დეტალურ შინაარსსა და ევროპარლამენტარების პოზიციას მედიას ვერ გააცნობს.

ჟურნალისტების შეკითხვებზე, ისაუბრეს თუ არა საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე, კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე დეტალურად არ უსაუბრიათ. მისივე განცხადებით, მმართველ გუნდს თუ რამის თქმა სურს, ამას იტყვიან „იმ ფორმით და იმ დროს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიან“.

„ერთადერთი, რაც შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვთქვათ საზოგადოების წინაშე, არის ის, რომ ომის თავიდან აცილება იყო ჩვენი მიზანი და ამოცანა და მადლობა ღმერთს, ამ მიზანს მივაღწიეთ და ამ ეტაპზე გვაქვს მშვიდობა და ყველაფერს გავაკეთებთ ამის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა მან.

ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ კობახიძე ამბობს, რომ დელეგაციას განუმარტეს თავიანთი პოზიცია რეზოლუციასა და დეოლიგარქიზაციის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ეს ჩანაწერები და დოკუმენტი გამოიყენება „ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის“.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი მათ პოზიციას გაითვალისწინებს, რადგან საქართველოში ევროპარლამენტის რეზოლუცია და დეოლიგარქიზაციის ჩანაწერი ევროკომისიის რეკომენდაციებში პოლარიზაციისთვის გამოიყენება.

„მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის და რეზოლუციის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან და ამაზე დაისვა ჩვენი მხრიდან კითხვები და წამოიჭრა ეს საკითხი“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა ევროპარლამენტარებს, განსაკურებით, დელეგაციის წევრ ვიოლა ფონ კრამონს, როგორ წარიმართა შეხვედრა, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ შეხვედრის მონაწილე ევროპარლამენტართა უმრავლესობა მიუკერძოებელია და მათ მოისმინეს ხელისუფლების არგუმენტები დეოლიგარქიზაციის ჩანაწერზე.

„ჩვენ ვთქვით მარტივი რამ: არ არსებობს არც ერთი ფაქტი, არც ერთი მტკიცებულება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, აქვს ფარული გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე. ეს ინფორმაცია მათ მივაწოდეთ, ფაქტად დავაფიქსირეთ და ამაზე სხვაგვარი პასუხი არ მიგვიღია. რატომ – იმიტომ, რომ ეს არის მარტივი ფაქტი.

თუ ევროპარლამენტი არის მიუკერძოებელი და დამსწრე ევროპარლამენტარების უდიდესი უმრავლესობა იყო მიუკერძოებელი შეხვედრაზე, ბუნებრივია, როდესაც ფაქტს ეუბნები, ამაზე არაფერს გიპასუხებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ამდენი თავდასხმის შემდეგ როგორ გახდნა ვიოლა ფონ კრამონი მიუკერძოებელი, კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მან თქვა ფრაზა „უდიდესი უმრავლესობა“.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, განმარტა თუ არა კარლ ჰარცელთან დაკავშირებით მისი განცხადება.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს განუმარტა თავისი განცხადების შინაარსი.

„ეს არის ფაქტი და შეგვიძლიათ, კოლეგებს, მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი, რომელიც ყოფილმა ელჩმა შეასრულა საქართველო-ევროკავშირთან ურთიერთობაში და იმედი გამოვთქვით, რომ ახალი ელჩი იმოქმედებს სხვაგვარად“, – განაცხადა კობახიძემ.