„დელტა შტამით“ ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს - ჩხაიძე

პუბლიკა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ე.წ. დელტა შტამით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს.

„დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ დელტა ვარიანტი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მათ რიცხვში არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც საავადმყოფოში მოთავსდნენ, მკურნალობას ითხოვენ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში. ანუ ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში მიმდინარეობა არის შედარებით მძიმე. უფრო ხშირად სჭირდებათ საავადმყოფოში მოთავსება და საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში, უფრო ხშირად სჭირდებათ მართვა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, რადგანაც ბავშვების ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, მხოლოდ მშობლებისა და ოჯახის უფროსი წევრების პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარი ვაქცინაციით დაიცვან შვილები და შვილიშვილები კორონავირუსისგან.

„თუ ოჯახში იზრდება ბავშვი, ოჯახის ყველა უფროსი წევრის პასუხისმგებლობაა, ჩაიტაროს ვაქცინაცია. სხვანაირად ბავშვებს ვერ დავიცავთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ წლამდე ასაკის სამი ბავშვი კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. მათგან ერთ-ერთს PCR კვლევით ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, მეორეს კი ე.წ. ბრიტანული.