„დემოგრაფია არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ არატრადიციულ ქორწინებაზე ლიბერალური მიდგომა გვქონდეს“ - ბურჭულაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მას კითხვები დაუსვეს დეპუტატებმა.

ერთ-ერთი შეკითხვა შეეხებოდა მინისტრის მიერ მაისში გაკეთებულ კომენტარს, რომ „ლიბერალიზმი შესაძლებელია საფრთხე იყოს სუვერენიტეტისთვის“.

ამ საკითხზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰომოფობიური  შეფასება გააკეთა.

„ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება. მე ვთქვი და ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტული საკითხის მიმართ და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერს. მე ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად.

არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი [ერთნაირსქესიანი] ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები და არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, რომ ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.  ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი.

ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ჩვენ გვქონდეს არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება. ეს ვიგულისხმე, თორემ,  ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ და ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ“, – თქვა მან.


„[ლიბერალიზმი] პირდაპირი საფრთხე შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების და სუვერენიტეტის დაკარგვის“, – ასე შეაფასა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიური და ტრანსფობიური გამოსვლა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წლის 12 მაისს.