ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრა შოკისმომგვრელი იყო, პასუხისმგებელი პირების ძალადობრივი ქმედებები კი – სრულიად მიუღებელი. როგორც სახელმწიფო მდივანმა პომპეომ განაცხადა, უკანონობა და საზოგადოებრივი არეულობა ყოველთვის მიუღებელია.
ჩვენი დემოკრატიული პროცესის მსგავსი გამოცდები შეახსენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატია არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნაბოძები; მას სჭირდება სიფხიზლე, მძიმე შრომა და თითოეული მოქალაქის მიერ მოფრთხილება. ამერიკის ინსტიტუტები მყარად დადგა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება სტაბილური და მოქმედი დემოკრატიის საფუძველია.
წესრიგი აღდგა, აშშ-ის კონგრესმა ამერიკელი ხალხის სახელით კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და პრეზიდენტად არჩეული ბაიდენის გამარჯვება დაამოწმა. თითქმის 250 წელია, ამერიკელები იღწვიან „უფრო სრულყოფილი ქვეყნის” შესაქმნელად, რომელიც დაფუძნებულია პატივისცემაზე, ტოლერანტობასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად შრომა არასოდეს დამთავრდება, “- ნათქვამია განცხადებაში.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მადლობას უხდიან ქართველ მეგობრებს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან მხარდაჭერისთვის. მათი თქმით, 2021 წელს მოუთმენლად ელიან აშშ-საქართველოს დადებით, წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
6 იანვარს, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. ამ დროს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. ტრამპის მხარდამჭერები და საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, კონგრესს არ დაედასტურებინა ჯო ბაიდენსი გამარჯვება. მალევე შენობის ევაკუაცია მოხდა. პოლიცია რამდენიმე საათი ცდილობდა წესრიგის აღგენას. შენობაში იყო გასროლაც. შემთხვევას 5 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კონგრესის სხდომა მეორე დღეს გაგრძელდა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცეს ჯო ბაიდენი ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად.