„დემოკრატიის მცველები“ საქართველოს პარლამენტს უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოქალაქეობის დასაცავად საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ერთმევა შესაძლებლობა, მოქალაქეობა შეუწყვიტოს საქართველოს იმ მოქალაქეს საქართველოს, რომლიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე საერთაშორისო სამართალით აღიარებული რომელიმე ფორმით იბრძვის ან უბრძოლია უკრაინის მხარეს.
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არერთხელ განაცხადეს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტონ.
უკრაინის ბრძოლა აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ დიდი ხანია გასცდა ორ სახელმწიფს შორის შეიარაღებული კონფლიქტის კატეგორიას. 2022 წლის 24 თებერვლიდან ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთი ამ ომში ებრძვის არამხოლოდ უკრაინას, არამედ მისი სახით მთელ დასავლეთს, დასავლურ ფასეულობებს – როგორიცაა დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, ებრძვის ამ ფასეულობების გავრცელებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში“,- ნათქვამია განცხადებაში.
აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო სწორედ ამ დასავლური ფასეულობების მატარებელი სახელმწიფოა და კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„საქართველოს კონსტიტუცია არ ადგენს, როდის შეიძლება დაკარგოს პირმა საქართველოს მოქალაქეობა და ამ საკითხის გადაწყვეტას ორგანულ კანონს მიანდობს. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ არსებული ჩანაწერი, იმდაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ხელისუფლების მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნების პირობებში, შესაძლოა უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები, ნაცვლად ქართული სახელმწიფოს მხრიდან მადლიერების გამოხატვისა, დაისაჯონ და საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩნენ.
ამ საფრთხის რეალურობას პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გასულ თვეში გაკეთებული განცხადებები ამყარებს. მაგალითად, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა: “თუ სხვა ქვეყნის ჯარში ირიცხები, შენ კარგავ იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელი ქვეყნის მოქალაქეც ხარ, ამას არავინ უხსნის იმ ადამიანებს.“ მსგავსი განცხადება გააკეთა ამავე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამაშვილმაც, კერძოდ: „ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას.“
შესაბამისად, ვიყენებთ საკუთარ უფლებას და საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ართმევს საშუალებას საქართველოს იმ მოქალაქეს შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა, რომლიც 2014 წლიდან უკრაინის დეოკუპაციამდე საერთაშორისო სამართალში აღიარებული რომელიმე ფორმით იბრძვის ან უბრძოლია უკრაინის მხარეს“,- განმარტებულია განცხადებაში.
საკანონმდებლო წინადადებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა მოქალაქეებს პეტიციაზე ხელმოწერით შეეძლებათ.