დღეს პოლიტიკური პროცესის შეფასება სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემეირ-მინისტრმა გიორგი გახარიმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედებებს, რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება.
ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში და ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი, პასუხისმგებლობისა ქვეყანასა და ქვეყნის მომავალზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ, გააკეთა მაშინ, როდესაც რეგიონში მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი, მაშინ როდესაც პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, მაშინ როდესაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო და უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო პირდაპირ გამიზნული მესიჯი ჩვენი თითოეული პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ კრიზისებიდან გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, სწორედ, ეს არის ის ძირითადი პასუხისმგებლობის მანდატი, რომლითაც 9 პოლიტიკური ძალა საქართველოს მოქალაქემ აღჭურვა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ რაც დღეს ყველაზე უფრო გვჭირდება, ეს არის მდგრადი პოლიტიკური პროცესი, იმისთვის, რომ საქართველოს ამბიციური გეგმა – ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ამ გეგმის შესრულება.
ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საარჩევნოც და არჩევნების შემდგომი პროცესიც საქართველოს შემდგომი დემოკრატიული გაძლიერებისთვის უნდა იყოს. ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები,
დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ სპექტრს ეს ძალიან კარგად ესმის და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქის ეს მესიჯი და სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.