დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევათა სათავეშია - ანგარიში

პუბლიკა

საქართველოს მმართველობის ინდექსის ანგარიში წარმოადგენს პირველ მცდელობას, სრულყოფილად შეფასდეს საქართველოს საქმიანობა მმართველობის ოთხ ფართო კატეგორიაში, რომლებიც მოიცავს პოლიტიკის სფეროების უმრავლესობას (დემოკრატია, ეფექტიანობა, სოციალური და ეკონომიკური, და საგარეო). საქართველოს საქმიანობა მმართველობის თითოეულ კატეგორიაში  GGI ექსპერტების კვლევამ შეაფასა.

საქართველოს მმართველობის ინდექსი აანალიზებს და აფასებს საქართველოს, როგორც ქვეყნის საქმიანობას მმართველობის ოთხი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები (დემოკრატიული მმართველობა), სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები (ეფექტიანი მმართველობა) და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა (საგარეო მმართველობა)

შედეგების მხრივ მმართველობის ინდექსი, მთლიანობაში, 2021 წელს საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობას აჩვენებს. საქართველოს აქვს დაბალი მაჩვენებლები მმართველობის ოთხივე მიმართულებით. ქვეყნის მონაცემები განსაკუთრებით სუსტია დემოკრატიული და ეფექტიანი მმართველობის კატეგორიაში, თუმცა დანარჩენ ორ კატეგორიაშიც მიღებული ქულები საშუალოზე დაბალია.

აქვე ნათქვამია, რომ დემოკრატიული მმართველობა და ეფექტიანი მმართველობა 2021 წელს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევათა ჩამონათვალის სათავეში მოექცა. მართლმსაჯულების აღსრულება და სასამართლო რეფორმების განხორციელება ყველაზე დიდ ჩავარდნად ფასდება, რასაც მოსდევს პანდემიის მართვა, სადავო არჩევნები და ევროკავშირის მედიაციის წარუმატებლობა.

„არ არის გასაკვირი, რომ GGI ექსპერტთა გამოკითხვაში საქართველოს საქმიანობამ დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, ძირითადად ისეთი ქვეკატეგორიების უმდაბლესი ქულების გამო, როგორებიცაა „მართლმსაჯულების უზრუნველყოფა“ და „სასამართლო რეფორმები“. შესაბამისად, სასამართლო რეფორმა უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრა 2022 წლისთვის. საქართველოს საქმიანობა მთავრობის ეფექტიანობის კატეგორიაშიც შეფასდა როგორც ძალიან სუსტი. მთავარ გამოწვევებად არაფორმალური მმართველობა და პოლიტიკური კორუფცია დასახელდა. ხელისუფლების მხრიდან სურვილის უქონლობამ, უზრუნველეყო დემონსტრანტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება პროტესტის დროს, კიდევ უფრო შეასუსტა სახელმწიფოს მონოპოლია ძალაუფლებაზე“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ სოციალური და ეკონომიკური, ასევე, საგარეო მმართველობა ყველაზე მაღალი ქულებით შეფასდა, თუმცა ამ ორმა მიმართულებამაც ვერ გადალახა 50-ქულიანი ნიშნული (100 ქულიდან). სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებაში პოზიტიურმა და ნეგატიურმა მოვლენებმა ერთმანეთი გადაფარა 2021 წლის განმავლობაში.

„ვაქცინაციის დაგვიანებას და პოლიტიკურ გაურკვევლობას, როგორც ჩანს, უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა ბიზნესგარემოსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. გრძელვადიანი ხედვის არარსებობა განათლების, შრომის ბაზრის, სოციალური პოლიტიკის და სხვა სფეროების ყოვლისმომცველი რეფორმირების დღის წესრიგზე საფრთხეს უქმნის საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მმართველობის გრძელვადიან მდგრადობას.“

GGI ექსპერტთა გამოკითხვით, ყველაზე კარგი შეფასება საგარეო მმართველობის მიმართულებამ მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაშიც სურათი არაერთგვაროვანია უფრო მეტი ნეგატიური და ნაკლები პოზიტიური მოვლენებით.

„საქართველოს ურთიერთობები ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა და დემოკრატიის ნაკლოვანებებმა დააზიანა. საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის ზეგავლენასთან, როგორც საქართველოს მთავარ საფრთხესთან გამკლავებაც უარყოფითად შეფასდა. ამ თვალსაზრისით რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატი რუსეთის მონაწილეობით მთავარ ახალ საფრთხედ განისაზღვრა საქართველოს უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობისთვის. დადებით მოვლენებს რაც ეხება, საქართველოს დაბალანსებული დიპლომატია აზერბაიჯანსა და სომხეთთან და აშშ-თან ახალი სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება 2021 წლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარ მიღწევებად შეფასდა.“

ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.