დემონსტრანტები სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ - ეხო კავკაზა

პუბლიკა

ცხინვალში ასობით ადამიანი დე ფაქტო გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გასამართლებას ითხოვს. როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ. შენობა ძალოვნების გაძლიერებული დაცვის ქვეშაა.

გამოცემის ინფორმაციით, აქციის ზოგიერთი მონაწილე ხალხს მოუწოდებს, რომ შენობაში არ შეიჭრან და მათ დამშვიდებას ცდილობს.

ცხინვალში დღეს ინალ ჯაბიევი დაკრძალეს, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციელებმა დაკითხვისას სასიკვდილოც სცემეს და მის სიკვდილს მოქალაქეთა საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. „ეხო კავკაზას“  ცნობით, პროცესიას 2 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ ნანიევის მანქანას 17 აგვისტოს ცხინვალში  გაუხსნეს ცეცხლი, მაგრამ მინისტრი თავდასხმას გადაურჩა. მინისტრის მანქანაზე თავდასხმის საქმეზე ინალ ჯაბიევი 24 აგვისტოს დააკავეს. მალევე ჯაბიევი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინტერნეტში მისი სხეულის ფოტოები გავრცელდა, სადაც ასახული იყო, რომ მას ჰქონდა სისხლჩაქცევებით ფეხებზე, ხელებსა და ზურგზე. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ჯაბიევი პოლიციელებმა ცემით მოკლეს. მომხდარს ცხინვალის ქუჩებში აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები საქმის გამოძიებას და დე ფაქტო მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თავდაპირველად დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. 28 აგვისტოს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ერიკ ფუხაევმაც, რომლის გადადგომაც ბიბილოვმა 29 აგვისტოს დააკმაყოფილა და მასთან ერთად დაითხოვა მთავრობის სრული შემადგენლობაც.

მოქალაქეები ქალაქის მთავარ მოედანზე 29 აგვისტოსაც შეიკრიბნენ. მათ დე ფაქტო გენერალური პროკურორის და თავად ბიბილოვის გადადგომასაც მოითხოვეს.