დეოლიგარქიზაცია, ლაზიკა, სილიკონის ველი - სააკაშვილის ეკონომიკური პროგრამა

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური პროგრამა გამოაქვეყნა, რომელსაც, როგორც მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, ბოლო პერიოდში ამზადებდა და ამით შეძლებს ქვეყანა, სწრაფად დასძლიოს ეკონომიკური პრობლემები.

სააკაშვილი წერს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რეგიონში იყოს გამორჩეული ლიდერი, თანაც თავისი კულტურისა და იდენტობის დაცვით. ამისთვის კი საჭიროა, ქვეყანა იქცეს ლოჯისტიკურ, ტურიზმისა და გართობის, განათლების, ჯანდაცვისა და მაღალტექნოლოგიური ბიზნესის კეთების ცენტრად. ამასთან საქართველო უნდა იყოს დაბალი გადასახადების ქვეყანა, დაცული კერძო საკუთრებით და მცირე, ეფექტიანი ბიუროკრატიით.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი სასამართლო, სახელმწიფო ნაკლებად უნდა ერეოდეს ბიზნესსექტორის საქმიანობაში და სახელმწიფო სერვისები გააციფრულოს. საბოლოოდ კი, ჰიბრიდული რეჟიმიდან მთლიანად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში უნდა გადაინაცვლოს.

მიხეილ სააკაშვილი დასახული მიზნის მისაღწევად 9 ძირითად კომპონენტს გამოყოფს:

1. სასამართლო რეფორმა, ინგლისური სამართალი, არბიტრაჟი, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია.

სააკაშვილი წერს, რომ სასამართლო კლანისგან უნდა გათავისუფლდეს. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებასაც, რადგან ბიზნესი დაცულად იგრძობს თავს. საამისოდ კი საჭიროა, შეიქმნას სასამართლო რეფორმის საკონსტიტუციო კომისია, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

სააკაშვილის განცხადებით, ასევე, უნდა შეიზღუდოს სასამართლო განხილვის ვადები და დაუშვან ინგლისური სამართლის შეუზღუდავი გამოყენება კომერციული გარიგებებისთვის.

„ვიდრე გაიზრდება იმ მოსამართლეების თაობა, რომელიც თანაბრად იოპერირებს ინგლისური და გერმანული სამართლით, ყველა ინსტანციის სასამართლოში უნდა შეიქმნას ინგლისური სამართლის პალატა.

სახელმწიფოსთან მსხვილი ქონებრივი თუ საგადასახადო დავის შემთხვევაში, ბიზნესი უნდა იყოს უფლებამოსილი, სურვილისამებრ წინასწარ გაცხადებულ, მსოფლიოში სანდოობით აღიარებული არბიტრაჟების სიიდან, თავად შეარჩიოს დავის ადგილი და დავის განხილვის სამართალი.

ამ მიზნით, მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახელმწიფო უზრუნველყოფს ავტორიტეტული, საუკეთესო საერთაშორისო არბიტრაჟების წარმომადგენლობის საქართველოში გახსნას“, – წერს სააკაშვილი.

ასევე, როგორც მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, უნდა მოხდეს  ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია და გაუქმდეს წინასწარი პატიმრობის შესაძლებლობა.

2. დეოლიგარქიზაციის კანონი

მეორე კომპონენტი, რასაც ეკონომიკური განვითარების გეგმაში მიხეილ სააკაშვილი ხედავს, უკრაინის მსგავსად ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაა.

სააკაშვილი წერს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისი ქონებაც აღემატება მშპ-ს 5%-ს, უნდა აეკრძალოს პარტიის შექმნა, დაფინანსება ან ნებისმიერი ფორმით მათ საქმიანობაში მონაწილეობა.

„უნდა მოვახდინოთ დიდძალი ფულისა და პოლიტიკის განქორწინება“, – წერს სააკაშვილი.

3. ენერგეტიკული განვითარება

„საქართველო ჰესების ქვეყანაა“ – მოძველებული და არასწორი თეზაა. „საქართველო ჰესების გარეშე“ – არარაციონალური და გაუმართლებელი“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ჰესები უნდა აშენდეს, თუმცა ისე, რომ მინიმალური იყოს გარემოზე ზემოქმედება.

„ამ თვალსაზრისით, პირადად ჩემთვის დიდი და გიგანტური ჰესები, ვფიქრობ, რთული წარმოსადგენია, მით უფრო ქვეყანაში, რომელიც პარალელურად აცხადებს, რომ ტურისტული ქვეყანაა და აქვს უნიკალური და ენდემური ლანდშაფტები. მცირე და მიკროჰესები – ესაა უნდა იყოს ჩვენი ჰიდროენერგეტიკის მთავარი ხერხემალი.

ხოლო, ზოგადად, ენერგეტიკაში, უმნიშვნელოვანესი და, დროთა განმავლობაში, წამყვანი როლი უნდა დაეკისროს ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებას“, – წერს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ასევე, უნდა შეიზღუდოს ბიტკოინების წარმოება და დარეგულირდეს ისე, რომ მხოლოდ მათ შეძლონ მასობრივი წარმოება, ვინც მზისა და ქარის ენერგიაში ჩადებს ფულს. რაც, სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში, ერთი მხრივ, დაარეგულირებს ბიტკოინების წარმოებას, მეორე მხრივ კი, განახლებადი ენერგიის სექტორს განავითარებს.

4. ბიუროკრატია ხალხისთვის, არამიზნობრივი ხარჯის გაუქმება

სააკაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფო სექტორი ეკონომიკის ზრდის მთავარი მუხრუჭია. საბიუჯეტო სექტორში კი არის პარტიული ან ნათესაური ნიშნით დასაქმების პრაქტიკა. ამიტომ, მისი თქმით, აიპ-ებისა და სსიპ-ების სერვისების დიდი ნაწილი კერძო სექტორში აუთსორსზე უნდა გადავიდეს, გამჭვირვალე ტენდერების საფუძველზე.

„სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილი ციფრულ მართვაზე უნდა გადავიდეს. ეს ნიშნავს ბიუროკრატების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებულებების შემცირებას, ბიზნეს-პროცესების დაჩქარებას. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება გაიაროს სასაზღვრო პუნქტი ისე, რომ პასპორტი ჯიბიდან არც ამოიღოს და მესაზღვრე საერთოდ არ ნახოს.

ბევრი ნებართვის აუცილებლობა საერთოდ უნდა გაუქმდეს. ბოლო წლებში უამრავ სფეროში შემოიღეს ნებართვები, რაც გამოიყენება კორუფციისათვის და სახელისუფლებო კლანის წევრებისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად“, – წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს სჭირდება მცირე და ეფექტიანი ბიუროკრატია.

5. ერთი გადასახადის პრინციპი

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ საქართველომ კურსი უნდა აიღოს 1 გადასახადის მქონე ქვეყნისკენ.

„ერთი გადასახადის პრინციპი ნიშნავს, რომ საგადასახადო დავების 80-90 პროცენტი, უბრალოდ, აღარ იარსებებს, მორჩება ყველანაირი გაუგებრობები და ბიზნესის გაუთავებელი დავები სხვადასხვა საბჭოებში, სასამართლოებში და არბიტრაჟებში“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში მარტივი უნდა იყოს ბიზნესის წამოწყება და მისი მართვა. ამიტომ აუცილებელია როგორც საგადასახადო წნეხის შემცირება, ისე ადმინისტრირების გამარტივება.

6. ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი

სააკაშვილი წერს, რომ საქართველო უნდა იქცეს რეგიონის ლოჯისტიკურ ცენტრად. ამისთვის კი საჭიროა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, სწრაფი რკინიგზა, მაგალითად, თელავი-თბილისი-ქუთაისი – ზუგდიდის მარშრუტზე. ხოლო საქართველოს ნებისმიერ ორ წერტილს შორის მანძილის დაფარვა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

„საქართველოში უნდა გაჩნდეს საერთაშორისო ჰაბ აეროპორტი, რომელიც წაართმევს სატრანზიტო რეისებს სტამბოლის ისედაც ძალიან გადატვირთულ აეროპორტს. ასეთად არ წარმომიდგენია არც თბილისის და არც ბათუმის აეროპორტი. ჰაბის ცენტრი უნდა გახდეს საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი – ქუთაისი და იქ აშენდეს მთავარი მძლავრი, მრავალტერმინალიანი აეროპორტი“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია მცირე აეროპორტები ყველა მნიშვნელოვან ქალაქში.

7. ლაზიკა

სააკაშვილს თავისი გეგმის კიდევ ერთ კომპონენტად ესახება ლაზიკის პროექტი, რომელზეც ის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საუბრობდა.

სააკაშვილი წერს, რომ ახლა ლაზიკის პორტი პირველივე ეტაპზე თავდაპირველად დაგეგმილი დატვირთვით უკვე ვეღარ ამუშავდება, თუმცა აქტუალურია შავი ზღვისპირეთში დიდი ქალაქის აშენების იდეა.

„ეს პროექტი არის ის ჯადოსნური გასაღები, რომელიც კეთილდღეობის კარს გაუღებს ასობით ათას ქართველს და განტვირთავს სხვა დიდ ქალაქებს. დასავლეთ საქართველოში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ქვეყნის მეორე დიდი ქალაქი, რომელიც იქნება მისი ფინანსური დედაქალაქი“, – წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ასეთ ცენტრში ადამიანებს გაუჩნდებათ დიდი შემოსავალი და მოსახლეობას უცხოეთში გამგზავრება აღარ მოუწევს.

„დუბაის, სინგაპურის, მაიამისა და იმავე ბათუმის მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მობილურ და გლობალიზებულ მსოფლიოში არის დიდი მოთხოვნა თანამედროვე ურბანულ ცენტრებზე“, – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველაფერთან ერთად ლაზიკა იქნება უმნიშვნელოვანესი ქვეყნის დეოკუპაციისთვის.

„მაქსიმუმ 10 წელიწადში, შესაძლებელი გახდება 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა ქალაქსა და მის გარშემო გაშლილ პროექტებში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლაზიკა აუცილებლად იქნება საქართველოს დეოკუპაციის ყველაზე მოკლე და ეფექტიანი გზა“, – წერს სააკაშვილი.

8. სოფლის მეურნეობა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობას. აქ კი მთავრობის მთავარი როლია ახალი ტექნოლოგიების – როგორც ტექნიკის, ასევე, ახალი კულტურების და ჯიშების შემოტანა.

„ჩვენ არ უნდა შევსვათ სოფლის მეურნეობა დოტაციის ნარკოტიკზე. გლეხებს უნდა ვასწავლოთ, ერთი მხრივ, უფრო მარტივად და მეორე მხრივ, უფრო მეტი და ხარისხიანი მოსავლის თუ ნამატის მიღება.“, – წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სასოფლო გაერთიანებების სტიმულირება, რეგიონებში გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურისა და აგრარული დაზღვევის სისტემის განვითარება. თანაც ისე, რომ გლეხებმა თავად შეძლონ მცირე ზომის ქარხნების გახსნა.

9. ქართული სილიკონის ველი

„უმნიშვნელოვანეს პროექტად მიმაჩნია ქართული ე.წ. სილიკონის ველის შექმნა საქართველოს რომელიმე ქალაქში. ეს გააკეთა თავის დროზე ბელორუსმა და დღეს ბელორუსი პროფესიონალები პროგრამირებისა და ქსელური მომსახურების ლიდერები არიან მთელ მსოფლიოში. ტოლს არ უდებენ ინდოელებს, ვინც ბოლო ათეული წელია ლიდერია ამ სეგმენტში“, – წერს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტის თქმით, სასურველია დედაქალაქთან ახლოს მყოფი რომელიმე ქალაქი, მაგალითად რუსთავი ნულოვანი გადასახადების ზონად გამოცხადდეს.

„სიმბოლურ ფასად გავყიდოთ მიტოვებული და განადგურებული ფაბრიკა-ქარხნები საინვესტიციო ვალდებულებით. ჩემ მიერ ხსენებული ბელორუსები, ახლა გამოქცეულნი არიან თავისი სამშობლოდან და ძირითადად ბათუმსა და თბილისში არიან.

სამწუხაროდ, მათ ოცნების ხელისუფლება ყოველმხრივ ავიწროებს, იმის ნაცვლად, რომ მათი უზარმაზარი პოტენციალი გამოიყენოს. მათი და სხვა ქვეყნებიდან შემოსული კომპანიებისთვის ქართული სილიკონის ველი უნდა გახდეს უსაფრთხო და კომფორტულ სამოთხედ“, – წერს სააკაშვილი.

ასევე, სააკაშვილის თქმით, იქვე უნდა აშენდეს პროფილური უმაღლესი კლასის უნივერსიტეტი, სადაც მსოფლიო რანგის სპეციალისტები ასწავლიან.

„ასევე, მაგალითად, საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი სამხედრო პროდუქციის წარმოების კუთხით. უნდა მოხდეს წარმოების აღდგენა, ამ პროდუქტზე მოთხოვნა მხოლოდ გაიზრდება და ბაზრების გეოგრაფია სულ უფრო გაფართოვდება.

საჭიროა, დავუბრუნდეთ ქართული დიზაინის, ბრენდის მსოფლიო პოპულარიზაციას, ვინაიდან ამ მიმართულებით აშკარად გვაქვს პოტენციალი, როგორც ინდუსტრიული, ასევე ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.