„შეიძლება პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მისაღწევად (ორივე 12 პუნქტის ნაწილია) ვიღაცისთვის ოლიგარქი, ვიღაცისთვის პოლიტიკური ლიდერი, ვიღაცისთვის მეცენატი – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, ესაა ერთდერთი სწორი გამოსავალი დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ქართული ოცნების პოლიტიკა და რიტორიკა გახდა არაპროგნოზირებადი და დამაბნეველი მისივე მომხრეებშიც კი“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი წერს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება კარგია, მაგრამ ის ვერ მოიტანს იმ შედეგს, რა მოლოდინსაც ოპოზიცია და მედიის ნაწილი საზოგადოებაში აჩენს.
იოსელიანი ამბობს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ივანიშვილს, რადგან ის ფორმალურად არ მონაწილეობს პოლიტიკაში და კანონის მოქმედება მასზე ვერ გავრცელდება.
ვიცე-სპიკერი მხარს უჭერს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას, რომელიც სამომავლოდ დააზღვევს პოლიტიკურ სისტემას მდიდარი ადამიანების გავლენებისგან და მედიას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამოხატვისგან გაათავისუფლებს.
იოსელიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდება, რადგან პროცესებზე პასუხისმგებლობას აიღებს გადაწყვეტილების მიმღები.
„არ დავაკნინებ ღარიბაშვილის როლს მთავრობაში, როგორც ეს დღეს მოდაშია, რა თქმა უნდა მას აქვს მოქმედების გარკვეული თავისუფლება, მაგრამ ვფიქრობ არ აქვს მთავარი – პოტენციალი წინააღმდეგობა გაუწიოს ბიძინა ივანიშვილის სურვილს არაფორმალურად ჩაერიოს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში. თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ ის თუ მოინდომებს გავლენა მოახდინოს პოლიტიკაზე, ვინმე შეძლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. შექმნილი ვითარება არ იძლევა საშუალებას შეიქმნას მყარი პოლიტიკური სისტემა, სადაც პასუხისმგებლობა და საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება განსაზღვრავს პოლიტიკოსის წარმატებასაც და წარუმატებლობასაც“, – წერს იოსელიანი.
ლევან იოსელიანის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევასთან ერთად ივანიშვილის დაბრუნება სჭირდება „ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც.
„დეოლიგარქიზაციის მიზნის მიღწევასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ესაჭიროება მის პოლიტიკურ გუნდსაც, რომლისთვისაც მასთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, რომელიც არა მარტო საზოგადოებაში, არამედ მის მომხრეებშიც არსებობს, მაგალითად რატომაა ბოლო დროს ანტიდასავლური რიტორიკა ასე მოდაში? ან რა გახდა რამდენიმე კაცის სასამართლოდან ჩამოშორება და ამით სისტემის გაჯანსაღების დაწყება და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სჭირდება ასევე ოპოზიციას, რომელიც ოცნების შეცდომებთან ერთად, საკუთარ შეცდომებსაც ბიძინა ივანიშვილს აბრალებს და იშვიათად ცდილობს პრობლემის საკუთარ თავში დანახვას.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება აღმოფხვრის იმ მახინჯ პრაქტიკას, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში პრემიერების შეცვლა „აგვარებს“ ყველანაირ პრობლემას და ყველაფერი ისევ ისე გრძელდება. დამეთანხმებით, ეს წინააღმდეგობაში მოდის კონსოლიდირებული დემოკრატიის პრინციპთან და პოლიტიკური სისტემის მდგრად ინსტიტუციურ განვითარებასთან“, – წერს ლევან იოსელიანი.