დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია - EU

პუბლიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით ქართული ოცნების განცხადებას ეხმაურება.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისათვის“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას. იმისთვის, რომ არ დარჩეს სპეკულაციების სივრცე, რამე არ დაბრალდეს ქვეყანას და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით კომისიის დასკვნას. ჩვენი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ კანონი დროულად შეფასდეს სამართლებრივად და დაჩქარდეს პროცესი და არ მოხდეს ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, წელიწადზე მეტი გაიწელა დასკვნის მიღება“,- განაცხადა მდინარაძემ.