დეპუტატები: მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშაოთ 

პუბლიკა

ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე აცხადებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას თან ახლავს პასუხისმგებლობა, ამიტომ მზად არიან, ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთონ.

ერთობლივ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ განაცხადა, წინ ბევრი სამუშაოა.

„უკრაინამ ყველასთვის გახსნა ეს შესაძლებლობა. მათ განსაკუთრებულად ვულოცავთ. ვულოცავთ მთელ საქართველოს, ყველას ვისაც ეს გაუხარდა, რადგან ეს არის ჩვენი პერსპექტივა მომავლისთვის. სტატუსი ნიშნავს თითოეული მოქალაქის მეტ კონტროლს ხელისუფლებაზე, ეკონომიკურ წინსვლას, მაღალ სტანდარტს განათლებაში, გარემოს დაცვის, სოციალურ სფეროში. ეს არის შანსი წავიდეთ წინ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს”. – თქვა თამარ კორძაიამ.

ხათუნა სამნიძის თქმით, მას „არასდროს დაუკარგავს იმედი და ოპტიმიზმი, რომ ევროპელი პარტნიორები საქართველოს არ მიატოვებდნენ მარტო რუსეთის პირისპირ”.

„დღეს სხვანაირი დილა გათენდა – ზეიმის და სიხარულის […]. უმნიშვნელოვანესია, მოქალაქეთა იმედი გავამართლოთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში და დავიწყოთ სერიოზული შრომა ევროპული მომავლისთვის, ეს ნიშნავს დიალოგს, კონსტრუქციულ თანამშრომლობას, დაპირისპირებას, მაგრამ სიძულვილის გარეშე. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პროგრესი არის გარდაუვალი. ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, სტატუსი ეკუთვნის ქვეყანას. ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ და ვაპირებთ ამ პროცესში სერიოზულად ჩავერთოთ საკუთარი მანდატის ფარგლებში, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და ერთად მუშაობას. ურთულესი პროცესი იქნება, მაგრამ დღეს არ არის პრობლემებზე საუბრის დღე, გვინდა თითოეულ მოქალაქეს მივულოცოთ”. – თქვა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტი აპირებს მისვლას. მათივე თქმით, ამ ღონისძიებაზე თავად მივლენ.

„ეს არის საქართველოს ზეიმი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ყველას გულწრფელად ვულოცავ ამ დღეს. ვიქნები იქ, სადაც იქნება ზეიმი საქართველოსი და მისი ხალხის. არ ველოდები ვინმე გამომიგზავნის თუ არა მოწვევას, მივალ იქ, სადაც ხალხი აღნიშნავს იმას, რას ყველას ერთად გვახარებს და რისთვისაც ყველამ ვიბრძოლეთ”. – თქვა თეონა აქუბარდიამ.

ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.

საქართველოს 2022 წელს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და დაასახელა რეფორმების 12 პუნქტი, რომელიც სტატუსის მისაღებად იყო აუცილებელი. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მათი უდიდესი ნაწილი არ შეასრულა.

წელს სტატუსის მინიჭებას თან ახლავს 9 დათქმა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა წევრობის მოლაპარაკებები საქართველოსთანაც დაიწყოს.