დეპუტატები სამხედრო მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდიან

პუბლიკა

დეპუტატები მუზეუმების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდიან, რომლის მიზანი მუზეუმის ახალი ტიპის, სამხედრო მუზეუმის შექმნაა.

ინიციატივის ავტორები განმარტებით ბარათში წერენ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში შექმნილია ეროვნული სამხედრო მუზეუმები, რომელთაც მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვა აქვთ.

„ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სამხედრო ისტორიით, სამხედრო ტექნიკით და შეიარაღებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის, არამედ ამ სახის მუზეუმებს მნიშვნელოვანი როლი აქვს მომავალი თაობების პატრიოტული აღზრდისათვის და ცნობიერების ამაღლებისათვის. ამასთანავე, მომავალში სამხედრო ტიპის მუზეუმი აკადემიური წრეებისთვისაც მნიშვნელოვანი საინფორმაციო წყარო გახდება.“ – ვკითხულობ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებების პროექტზე თავდაცვის კომიტეტში დღეს იმსჯელებენ. სამხედრო მუზეუმის შექმნისათვის და მისი შენობაში და ღია სივრცეში განთავსებისათვის საჭირო ხარჯის სავარაუდო ღირებულება 23 753 112 ლარია. კანონპროექტში წერია, რომ მშენებლობისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯი შესაძლებელია გადანაწილდეს 4 საბიუჯეტო წელზე. სავარაუდო ბიუჯეტთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები: ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი ბერაია, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, გიორგი ხელაშვილი, რესან კონცელიძე, ალექსანდრე ელისაშვილი