დეპუტატებმა იცოდნენ, რომელი კანდიდატებისთვის შეგვეძლო მხარის დაჭერა - ბეჟაშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატებმა იცოდნენ, რომელი 4 კანდიდატისთვის შეიძლებოდა მხარის დაჭერა, რადგან მათ შესახებ „ჩატში“ დაწერა.

ბეჟაშვილის თქმით, ეს კანდიდატები იყვნენ ლიკა საჯაია, ლია მუხაშავრია, სულხან სალაძე და კახა წიქარიშვილი.

„7-8 თვის განმავლობაში დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას საშუალება ჰქონდეს იუსტიციის საბჭოში წარადგინოს და დანიშნული იყოს არამოსამართლე წევრები. 7 თვის განმავლობაში ამ შეთანხმების მიღწევას ვცილობდით და ჩვენმა კოლეგებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ „ქართული ოცნების“ წარმოდგენილ ვერსიას, არ იყო შეთანხმება და შესაბამისად, ჩვენ არ დავუჭერდით მხარს არცერთ კანდიდატს.

საუბარი იყო, მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან შესაბამის 5 კანდიდატზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ.

კენჭისყრამდე, საგანგებოდ, „ჩატში” 4 გვარი ჩაიწერა, რომელთა მიმართებაში შესაძლებელი იქნებოდა მხარდაჭერის გამოცხადება, სხვა შემთხვევაში მხარდაჭერა არ უნდა დაფიქსირებულიყო. მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ დავით სერგეენკო, რომელიც პარლამენტში 2 თვის განმავლობაში არ გამოჩენილა, ასევე სხვა დეპუტატებიც საგანგებო მობილიზაციით იყვნენ პარლამენტში, ბუნებრივია, ეს თანხვედრა და ჩვენი უკვე ყოფილი ფრაქციის წევრების მხრიდან სამთავრობო კანდიდატების მხარდაჭერა, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს აჩენს. ამ კითხვის ნიშნებზე საზოგადოება თავისთავად გასცემს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში სამ კანდიდატს მხარი დაუჭირეს ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ფრაქციის დეპუტატებმა, ბაჩუკი ქარდავამ, ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ და ნიკა მაჭუტაძემ, ასევე დილარ ხაბულიანმა და „ევროპელი სოციალისტების“ ოთხმა წევრმა.

ენმ-ის ფრაქციის წევრები მმართველ გუნდთან გარიგებას უარყოფენ და ყველაფერს გაუგებრობას მიაწერენ. ცნობილია, რომ დეპუტატები ფრაქციას დატოვებენ.