არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართავს და ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო დეპუტატების – შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას სათანადო პასუხისგებას მოითხოვენ. გთავაზობთ განცხადებას:
„2021 წლის 18 ივლისის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ გამოიყენეს ფიზიკური ძალა ქალი პარლამენტარების თინათინ ბოკუჩვასა და ნონა მამულაშვილის მიმართ. პარლამენტის სხვა კაცმა წევრებმა, მათ შორის, ლევან მგალობლიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტის წევრ ანა წითლიძეს. აღსანიშნავია, რომ ლევან მგალობლიშვილი ანა წითლიძესა და თინათინ ბოკუჩავას ფიზიკურად უზღუდავდა გადაადგილების შესაძლებლობას, ხოლო ამ უკანასკნელს წაართვა საპროტესტო პოსტერი. აღნიშნულის დამადასტურებელი კადრები გაავრცელა ყველა მედიასაშუალებამ.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მრავალი წელია ვიბრძვით გენდერული თანასწორობისათვის. შალვა პაპუშვილის და ირაკლი ზარქუას მიერ პოლიტიკოსი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა აზრს უკარგავს თანასწორობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას. საქართველოს არც ერთი მოწვევის პარლამენტში მსგავს ძალადობრივ ფაქტს ქალი დეპუტატების მიმართ არ ჰქონია ადგილი. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტის წევრებმა საჯაროდ და დემონსტრაციულად წაახალისეს ქალის მიმართ ძალადობრივი მოპყრობა; აჩვენეს საზოგადეობას, რომ ქალის „მიუღებელი” პროტესტი შესაძლოა კაცმა ფიზიკური ძალით ჩაახშოს.
სამწუხაროდ, პარლამენტში სისტემური სახე აქვს ქალების მიმართ სექსისტურ გამონათქვამებსა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულას. ეს ძალადობრივი ქმედებები ჩრდილს აყენებს ნებისმიერ კანონს, რომელიც პარლამენტს მიუღია ქალთა უფლებების გასაძლიერებლად, რადგან საკანონმდებლო ორგანოშივე საჯაროდ ხდება მათი გათელვა გამოვლენილი ფიზიკური ძალადობით, ძალადობის ფაქტის არაღიარებით, დუმილით ან გამართლებით.
მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ზარქუა არც კი აცნობიერებენ საკუთარი მოქმედების ძალადობრივ ხასიათსა და არსს. სამწუხაროდ, არაკვალიფიციური განცხადება გააკეთა პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც; მისი აზრით, „არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ”. მოგეხსენებათ, რომ შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები სწორედ ეთიკის საბჭოს წევრებმა უნდა შეაფასონ.
მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის დუმილი და უმოქმედობა აღნიშნულ პრობლემაზე, უფრო მეტიც, ეს ძალადობას ახალისებს. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა – შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერები:
ხელმომწერები:
1. ქალთა მოძრაობა
2. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო
3. ქალები საქართველოდან
4. კავშირი „საფარი“
5. ქალთა ფონდი საქართველოში
6. ფონდი ტასო
7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
8. სამართლიანი არჩევნები (ISFED)
9. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
10. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
11. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
12. თბილისი პრაიდი
13. თანასწორობის ცენტრი
14. სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი
15. კავშირი ფრეია
16. ახალგაზრდა ფემინისტები
17. We 4 education
18. ფემინა
19. პროგრესის ცენტრის
20. წითელი ხაზები
21. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
22. პოლიტიკური მოძრაობა „დროა“
23. რესპუბლიკური პარტია
24. პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის”
25. პარტია ანა დოლიძე – ხალხისთვის
26. ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა
27. ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის
28. ,,სტრატეგია აღმაშენებელი”
29. პარტია „სამართლიანობისთვის“
30. პარტია „საქართველოსთვის“
31. პარტია „კანონი და სამართალი“
32. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)
33. თავისუფალი დემოკრატები
34. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”
35. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
36. პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნა