დეპუტატი სულიერებისა და კულტურის ცენტრის გაუქმებაზე აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს

პუბლიკა

დღეს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი, პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, 21 იანვარს აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით გაუქმდა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი. მისივე თქმით, ეს ცენტრი აფხაზი და ქართველი ხალხის ნდობის აღდგენის საქმეში დიდ როლს თამაშობდა.

„მინდა, გამოვეხმაურო  31 იანვარს აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის გაუქმების შესახებ. ეს ცენტრი დააარსა აწ გარდაცვლილმა აფხაზმა ქალბატონმა, სვეტლანა ქეცბამ., რომელიც  ყველაფერს აკეთებდა ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. ჩემთვის მიუღებელია აფხაზეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, გაუგებარი და გაუმართლებელია“, – თქვა ალექსანდრე ერქვანიამ.

ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენეტო უმრავლესობა 2019 წლის ბოლოს დატოვა და პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძნობს.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ააიპი სულიერების და კულტურის ცენტრის რეორგანიზაციისას ცენტრს ჩამოშორდა კულტურის ნაწილი და დარჩა სულიერება. რეორგანიზაციის შემდეგ „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ უფლებამონაცვლედ ,,სულიერების ცენტრი“ ითვლება.

ააიპი სულიერების და კულტურის ცენტრი 2006 წლიდან მოქმედებს. ცენტრთან დაკავშირებით იძებნება სხვადასხვა ინფორმაცია სოციალურ ქსელში. არსებული ინფორმაციის მიხედვით, ცენტრის ფუნქცია სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიების გამართვა იყო.

ასევე იძებნება აუდიტის სამსახურის დასკვნა ცენტრის საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სულიერებისა და კულტურის ცენტრის 2011 – 2014 წლებში გაწეული საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი.

დასკვნაში წერია, რომ აუდიტის პერიოდში გახარჯული საწვავისა და გადარიცხული სატელეფონო მომსახურების ლიმიტები არ იყო შეთანხმებული ცენტრის საქმიანობის კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.