„დეპუტატის ხელფასს არ ავიღებთ, როგორ შეიძლება დეპუტატის ხელფასის აღება, როცა პარლამენტში არ ირიცხები. მაგრამ პარტიის დაფინანსების არაღება ნიშნავს, რომ პარტია დაშალო“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არც ფორმალურად და არც იურიდიულად არ ჩაირიცხებიან, შესაბამისად, დეპუტატის ხელფასს ის არ მიიღებს, თუმცა აცხადებს, რომ პარტიის დაფინანსებას „ლეიბორისტული პარტია“ მიიღებს.
„ლეიბორისტული პარტია“ 1995-წლიდან 2007 წლამდე, 12 წელი დაფინანსების გარეშე იბრძოდა და ისეთი მიღწევები ჰქონდა, რომ მილიარდები აჩუქა ხალხს. 12 წელი ჩემმა ახალმა კოლეგებმაც გაატარონ დაფინასების გარეშე და ჩვენსავით მერე აიღონ დაფინანსება. დაფინანსება არის სამარცხვინო და მათხოვრული, რომელიც არ ეყოფა ოფისის დაცვასაც კი, იმ ფონზე, როდესაც თვეში 24 000 ლარი გვექნება ჩვენ, ბიძინა ივანიშვილს 20 მილიონი.
პარტიებზე დაფინანსების გაუცემლობა ნიშნავს იმას, რომ ერთპარტიული დიქტატურა საბოლოოდ დამყარდა”, — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
26 ნოემბრის მონაცემით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 10-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსება სულ 14 პოლიტიკურ პარტიას ეკუთვნის, თუმცა მათგან 4 პარტიას ცესკოში განაცხადი არ წარუდგენია.
ცესკოს ინფორმაციით, საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა:
- „ქართული ოცნება“
- „ევროპული საქართველო“
- საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზოცია ძალა ერთობაშია“, რომელიც აერთიანებს 5 პარტიას – „ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“.
- საარჩევნო ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“. აერთიანებს 2 პარტიას – „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“, „კანონი და სამართალი“
- „პატრიოტთა ალიანსი“.
საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ამბობს 2 ოპოზიციური პარტია – „მოქალაქეები“, „გირჩი“.
„ლეიბორისტული პარტიის“ მსგავსად, „ლელომ“ განაცხადა, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო დაფინანსებაზე, თუმცა მიიღებენ პარტიის დაფინანსებას.