„დეპუტატის უარის შემთხვევაში, შეწყვიტოს ინტერვიუ" - პარლამენტი მედიას ქცევის ახალ წესებს უდგენს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის გამოსცემს ბრძანებას, რომელიც პარლამენტში მედიის საქმიანობას შეეხება.

ბრძანების მიხედვით განისაზღვრება ჟურნალისტის აკრედიტაციის წესი და საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესები.

„ქცევის წესებს რაც შეეხება: ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის კაბინეტი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს დაცვის და მანდატურის მითითებებს, აკრედიტაცია ატაროს გამოსაჩენად და არ გადასცეს სხვა პირს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მისივე თქმით, იარსებებს ორი სახის აკრედიტაცია – საპარლამენტო ჟურნალისტისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. განისაზღვრება, რამდენი მედიაჯგუფი შეძლებს აკრედიტაციის მიღებას.

„დღეს გამოვცემ ბრძანებას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების, ანუ ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს პარლამენტში.

პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა გააკეთა ანალიზი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის გამოცდილებით და ამ საუკეთესო გამოცდილებებზე დაყრდნობით შედგა წესი აკრედიტაციის, რომელიც ეფუძნება მედიის ხელშეწყობას, რომ უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტში სამუშაო გარემო.

იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია, რომელიც მიეცემა იმ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აშუქებენ საპარლამენტო საქმიანობას.

იქნება საპარლამენტო ჟურნალისტის და დროებითი აკრედიტაცია. არის რაოდენობებიც დადგენილი, დიდ მაუწყებლებს, ეროვნულ მაუწყებლებს ექნებათ 7 გადამღები ჯგუფის აკრედიტაციის შესაძლებლობა, სხვა ტელევიზიებს – 3; ონლაინგამოცემებისთვის 4, გაზეთებისთვის, ჟურნალებისთვის, რადიოსთვის – 2.

წესდება გარკვეული საქმიანობის და ქცევის წესები პარლამენტში, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პარლამენტის და მისი ვიზიტორებისთვის საქმიანი გარემო. ეს წესებიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას.

იმედია, საპარლამენტო ჟურნალისტის სტატუსი დაბრუნდება და აღიარებული იქნება, რაც პასუხისმგებლობასთან ერთად მეტ პრესტიჟსაც მატებს საპარლამენტო ჟურნალისტიკას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.