„რაც შეეხება მექანიზმს, რომ უმრავლესობა, ჩვენი ნების მიუხედავად, მაინც შეგვიყვანს პარლამენტში – ეს არის მტკნარი სიცრუე, ეს არის არაკომპეტენტურობის გამოხატულება კობახიძის მხრიდან“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტში მისი გუნდი მარტო არ დარჩება. მისი თქმით, უმრავლესობის გადასაწყვეტია, ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია შანტაჟის ფორმას მიმართავს, კონსტიტუცია კი შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს შეიცავს.
„კონსტიტუცია შეიცავს შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე, ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა.
ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას.
ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს, თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია, კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი კი ამბობს, რომ ვერავინ ვერ შეძლებს, ვინმე მისი ნების საწინააღმდეგოდ პარლამენტში შეიყვანოს. ინაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ინიციატივაც შესთავაზა:
„არავის არ აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ სადმე შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს. მით უმეტეს, კობახიძეს და მის გუნდს არ აქვს ამის უფლება.
მე მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც დღეს ამბობს, რომ არ შედის პარლამენტში, გააკეთოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ: ეს არის უარის თქმა განცხადებების საფუძველზე. სიითი შემადგენლობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა დაწეროს განცხადება უარზე და ერთად შევიტანოთ ეს განცხადებები ცესკოში. მაშინ ყველანაირი პრობლემა მოიხსნება და 45 დღეში დაინიშნება არჩევნები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეკითხვაზე, გააცნო თუ არა ეს ინიციატივა მან ოპოზიციის სხვა ლიდერებს, ინაშვილი პასუხობს: „მე დავაყენე ეს ინიციატივა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წავიდეთ ამ გზით. მიდის მსჯელობა ამ და სხვა ინიციატივებზე“, – განაცხადა ინაშვილმა.
მან ურჩია ირაკლი კობახიძეს, ჩაიხედოს კანონში „საჯარო მოსამსახურეების შესახებ“.
„არავის არ აქვს უფლება, ნების საწინააღმდეგოდ, მოქალაქე დანიშნოს ამა თუ იმ სამსახურში“, – თქვა ინაშვილმა.
„სისულელეს“ უწოდებს კობახიძის განცხადებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
„რა სისულელე თქვა კობახიძემ?! რამდენი სისულელე უნდა თქვას; ვინმე იტყვის, არ მინდა პარლამენტის წევრობაო და კობახიძე ეტყვის „არა, შენ მაინც პარლამენტის წევრი ხარო“? იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან, ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, ამას პირველი კურსის იურისტი არ იტყვის, ვინც ემზადება იურიდიულზე ჩასაბარებლად… არანაირი ასეთი მექანიზმი კონსტიტუციაში ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს.
ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან შეშფოთდნენ ერთპარტიული პარლამენტის პერსპექტივით და ისინი მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს, თუ არ გადმოდგამენ სერიოზულ ნაბიჯებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას, ჯერჯერობით, ამ პოლიტიკოსებმა უპასუხეს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფასილიტატორებს ერთი-ერთზე ხვდებიან და მხოლოდ შეხვედრის დატოვების შემდეგ აკეთებენ მედიასთან კომენტარს. დღესვე „ლელოს“ ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც სამომავლო გეგმები უნდა შეაჯერონ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ვალდებულია, დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს.
პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:
- პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;
- იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;
- მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;
- კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
- კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;
- სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
- გარდაიცვალა;
- დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;
- ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.
პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში და გააგრძელოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.