დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს შეუერთდა, ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა. ამის შესახებ დღეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„საზოგადოებას გვინდა, ვაცნობოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ, რომელზეც მინიშნებებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელეკომპანია POSTV-ის 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს ჩვენი სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ“, – განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა.
ასევე შეკითხვის საპასუხოდ, მედიაორგანიზაციის შეძენის შემდეგ შეიძლება თუ არა „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონი ვიქტორ ჯაფარიძეს, სუბარმა განაცხადა, რომ კანონპროექტში ბევრი კრიტერიუმია და ჯაფარიძეს ის არ შეეხება.
„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, იქ არა ერთი, არამედ რამდენიმე პუნქტია, მათ შორის ქონების მოცულობაც და კიდევ ბევრი პუნქტია. ყველას ერთობლიობის შემთხვევაში ხდება ადამიანისთვის ოლიგარქის სახელის მინიჭება. ვიქტორ ჯაფარიძე ჯერ, მემგონი, არ აკმაყოფილებს მაგ კრიტერიუმებს…
მედიის ფლობა, პოლიტიკაზე გავლენა, ქონების მოცულობა და ბევრი სხვადასხვა პუნქტია. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, მაგ კრიტერიუმებში ზუსტად ჯდება ერთი ადამიანი, ისიც არის ქართული ჯარის და ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით – დავით კეზერაშვილი“, – თქვა სოზარ სუბარმა.
თავად ვიქტორ ჯაფარიძე არ აზუსტებს, ვისი წილები შეიძინა ტელეკომპანიაში და ამბობს, რომ ტელეკომპანიის პოლიტიკა მოსწონს, რადგან ის „საუბრობს სიმართლეს“ და აპირებს ამ მიმართულებით ბიზნესში ჩართვას.
„მთავარი არის, უკანონობა არ გამიკეთებია, არადეკლარირებულით არ შემიძენია. მე მომწონს ამ ტელევიზიის მიერ გაშუქებული ის დამახინჯებული აზრები, რომელთაც ზოგიერთი ტელევიზია დამახინჯებულად აწვდის მოსახლეობას.
ვთვლი, რომ ამ ბიზნესში უნდა მივიღო მონაწილეობა, რათა ერთ-ერთი ტელევიზია კიდევ არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ილაპარაკებს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს…
მე არ ვაპირებ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. მე კიდევ ვიმეორებ, რომ POSTV-ის შეძენის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ის საუბრობს სიმართლეს და გააგრძელებს ალბათ სიმართლის საუბარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ ვერ შევთანხმდებით“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ვიქტორ ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მოძრაობა „ხალხის ძალას“ ახალი წევრები შეემატნენ.
როგორც დღეს პრეზენტაციაზე მოძრაობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, მათ შეუერთდა 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.
„ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა, მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი“, – აღნიშნა მან.
მისივე ცნობით, მოძრაობას ასევე შეუერთდნენ „საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები“: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და ივანე შაიშმელაშვილი.