დეპუტატობის კანდიდატის ხელშეუხებლობა - HRC მელიას მიმართ სამართალწარმოების დაწყებას არაკანონიერად აფასებს

პუბლიკა

„ნიკა მელიას მიმართ სამართალწარმოების დაწყება არაკანონიერია”, – ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, პროკურატურის მიერ, „ენმ – „ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება, სულ მცირე, ორი მიმართულებით სამართლებრივად პრობლემური და უსაფუძვლოა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გთავაზობთ განცხადებას:

„1 – საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიები. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

შესაბამისად, ნიკა მელიას, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ სამართალწარმოების დაწყება – არაკანონიერია. ამასთან, ცესკოს განკარგულებას ზემოთ მითითებულ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილია. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის და მოთხოვნების დაცვის გარეშე სამართალწარმოების დაწყება, არაკანონიერია.

2 – საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე არსებული 30 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. დანაშაულზე წასწრებისა და ცესკოს თანხმობის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურას არა უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის – გირაოს, არამედ უფრო მკაცრი ღონისძიების ვალდებულება აქვს, ვინაიდან  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200  მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

აქედან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახედ, არა ღონისძიების იმავე სახის – გირაოს – 100 000 ლარის ოდენობით შეფარდება უნდა მოეთხოვა, არამედ – პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლით. აღნიშნულს კი ვერ განახორციელებს, სწორედ ზემოთ განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიებს.

შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართ დაწყებული სამართალწარმოება სამართლებრივად უსაფუძვლო და არაკანონიერია”, – წერს ადამიანის უფლებათა ცენტრი.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას მოითხოვს.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ 1 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში მოისროლა.