„დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგში და ჩარჩოებში დაბრუნება”, – პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობის მისაღებად პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების” სხდომაზე პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება ჩემს ხედვას, თუ როგორ მესახება ამ სიტუაციაში ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ პირველი 100 დღის განმავლობაში მთავარი პრიორიტეტები იქნება:
პირველი, რაც საჭიროებს ამ სიტუაციაში ქვეყანაში წესრიგის დამყარებას და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ წესრიგსა და ჩარჩოებში დაბრუნება.
ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინის შემოტანა და 10-წლიანი განვითარების ახალი ამბიციური გეგმა, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად, მთავრობასთან ერთად შევიმუშავებ. თქვენი ჩართულობით, რა თქმა უნდა [მიმართავს დეპუტატებს].
ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს და ერთგვარ ახალ ენერგიას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. იდეა, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობის ახალი მეოთხე ათწლეული ჩამორჩენილობის დაძლევის, სიღარიბის დამარცხების, განვითარების ათწლეულად უნდა აქციოს.
…ჩვენ პოლიტიკა და ეკონომიკა ქვეყანაში უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი. თითოეულმა ადამიანმა, თითეულმა ბიზნესმენმა უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სტაბილურ გარემოში, სადაც მოულოდნელ და ვითარების გამაუარესებელ მოვლენებს არ ექნება ადგილი, რომ სახელმწიფო ყველა სიტიაციაში მათ გვერდით იდგება და რომ ხვალინდელი დღე იქნება დღევანდელზე უკეთესი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.