დევიდ კრამერი რუსულ კანონზე: ესაა სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის

პუბლიკა

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს რუსულ კანონს აფასებს და ამბობს, რომ “ესაა სახეში სილის გაწნა დასავლეთისთვის” კონკრეტულად კი – ამერიკისთვის.

„განცხადებებისას მითითება იყო [ამერიკის] ყოფილ ელჩზე, მტკიცება, რომ ახალმა ელჩმა ისწავლა ძველი ელჩის შეცდომებზე. ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია. ეს არაა ის, რასაც ევროკავშირი მოელის მთავრობისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ ბლოკში გაწევრიანებით და კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით პროგრესითაა დაინტერესებული”, – ამბობს დევიდ კრამერი.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.